თარიღი    დრო

შეეძლო თუ არა სააკაშვილს გაეცა „ლიკვიდაციის“ ბრძანება?

საქართველო, თბილისი - 11:19 10.18.2018 982

„ჩანაწერების ომი“, როგორც ჩანს, კულმინაციას საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე მიაღწევს, როდესაც გამოქვეყნდება ყველაზე სენსაციური და ყველაზე გამანადგურებელი „კომპრომატები“, რაც კი გააჩნია ორივე მხარეს.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ვერც ერთი ხსენებული „მხარე“ ვერ ამჩნევს ძალიან მნიშვნელოვან პროცესს: ელემენტარული სოციალური „ტექნოლოგიიდან“ გამომდინარე, „მეტისმეტი“ უკვე უსარგებლო ხდება! ანუ, როდესაც  2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა „ციხის კადრები“ (გარდა „კარანტინის დაშლისა“, ყველაფერი იმ ნაძირალა, მანიაკი მეციხოვნის დადგმული იყო სულით ავადმყოფი პატიმრის მონაწილეობით), ეს „გასროლა“ მიზანს ზუსტად მოხვდა; მაგრამ როცა დღიდან-დღემდე, კვირიდან-კვირამდე ქვეყნდება და ქვეყნდება უსასრულოდ  „რაღაც“ ჩანაწერები, თანდათან ეფექტი ჩლუნგდება; ისევე, როგორც აღქმა და მიზანსაც ამიტომ სცდება.

ამის უპირველესი ნიშანი ისაა, რომ განსხვავებით 2012 წლისაგან, დღეს არ არის „მოძრაობა“ ქუჩაში. ანუ დანარჩენი თითქოს ყველაფერი იგივეა, ზოგი რამ კიდევ უფრო სარწმუნოა, ვიდრე ყბადაღებული „გლდანის ციხის კადრები“, მაგრამ ქუჩაში რომ არ არის „მოძრაობა“ ამის თაობაზე, ეს სწორედ „აღქმის დაჩლუნგებაზე“ მეტყველებს, ანუ „ყური ეჩვევა“ და ძველებური  ეფექტიც აღარ აქვს.

ასეთია მასის ფსიქოლოგია. მით უმეტეს, რომ ექვსი წლის წინ  ეს მასა „ხედავდა“, ახლა კი მხოლოდ „ისმენს“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოპოზიციური მედიის მასალებს ხელისუფლებამ დაუპირისპირა თითქოსდა „გამანადგურებელი“ ჩანაწერი, რომლითაც ვითომდაც მტკიცდება, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელი მაღალჩინოსნები მილიარდერისა და ოპოზიციონერის, ბადრი პატარკაციშვილის „ლიკვიდაციას“ გეგმავდნენ.

მივაქციოთ ყურადღება: ორივე მხარეს მუდამ აღიზიანებს კითხვა „ვინ ჩაიწერა?“ ან „საიდან ეს ჩანაწერი?“. და ორივე, იმის მიხედვით, თუ როდის-როგორ სჭირდება, ყოველთვის მიგვითითებს: „შინაარსს დააკვირდით და არა იმას, როდის გამოქვეყნდა, რატომ გამოქვეყნდა, ვინ მოგვაწოდა, ვინ ჩაიწერა და ა.შ.

 დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ არ ქვეყნდება ინტერნეტ-სივრცეში „ოქუაშვილის ჩანაწერები“ მთლიანად და არა მხოლოდ ფრაგმენტები. ამ ფრაგმენტთა აუთენტურობა  არავითარ ეჭვს არ იწვევს. ანუ, ნამდვილად ის ხალხი მონაწილეობს, ვინც დასახელებულია, მაგრამ ქვეყნდება მხოლოდ ფრაგმენტები. რატომ? „იმიტომ, რომ ტელევიზიას მხოლოდ ფრაგმენტები მიაწოდეს“. ნამდვილად ასეა, მაგრამ ჩანაწერის ავტორს ხომ აქვს მთლიანად? რა უშლის ხელს თუნდაც YouTube-ზე დადოს?

ასევე ბუნებრივია კითხვა: თუ „პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე“ საუბრის ჩანაწერი 2016 წელს მოიპოვა გამოძიებამ, აქამდე სად იყვნენ? პასუხი ნათელია: როგორც ჩანს ის „კომპრომატია“, რამაც ოპოზიციის სკანდალური მასალები უნდა „გადაფაროს“.

ვინ ჩაიწერა? ეს ყველაზე იოლი კითხვაა. რასაკვირველია ჩაიწერეს თვით საუბრის მონაწილეებმა: „კუდ“-ის მაღალჩინოსნები ერთმანეთს არ ენდობოდნენ და ჩანაწერებს „ყოველი შემთხვევისთვის“ აკეთებდნენ; ანუ მოსაზრებით „რამე რომ იყოს და.....“.

ამითვე აიხსნება გიორგი დგებუაძის („მასტერას“) საუბრის ჩანაწერი მის მიერ „დევერბოვკებულ“ აგენტთან, ვისაც სპეცსამსახურებისთვის ე.წ. „ინსაიდერული“ ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა ბადრი პატარკაციშვილის საცხოვრებელი სახლის შიდა პერიმეტრის, მზარეულების, საწოლი ოთახის, ავეჯის განლაგების და სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუ გავიხსენებთ იმდროინდელ ვითარებას, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს „ნერვებს უთხრიდა“ ტელეკომპანია „იმედი“, გასაკვირი არ არის, რომ სპეცსამსახური, უშუალო უფროსის, დათა ახალაიას ბრძანებით „ოპერატიულად ამუშავებდა“ საეჭვო ობიექტს. და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ამ „მაღალჩინოსანთა“ უშუალო უფროსი იყო დათა ახალაია. ანუ „გირგვლიანის საქმის“ მთავარი ფიგურანტი! ხოლო მას, რასაკვირველია, პირადი მოტივები(ც) ჰქონდა როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ასევე ბადრი პატარკაციშვილის მიმართ.

ზოგადად ეს ბიჭუნები, რომელთა ხელში, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად უზარმაზარი ძალაუფლება აღმოჩნდა, არც ინტელექტით გამოირჩეოდნენ;  მათ პროფესიონალიზმზე ლაპარაკიც ზედმეტია: „წარმატებები“, რასაც კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწიეს, მხოლოდ და მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ წინამორბედი, ესე იგი კახა თარგამაძის კორუფციაში ჩამპალი, „40 ლარიანი“  პოლიცია, რასაკვირველია ვერ გაბედავდა ემოქმედა ისე „თამამად“ და „უკანმოუხედავად“, როგორც ეს ბიჭუნები მოქმედებდნენ; თუმცა ვერ აცნობიერებდნენ, რომ „ნავთლუღის“ საქმე, სადაც „რადიკალური გადაწყვეტილებები“ მიიღეს, ისევე როგორც სხვა „რადიკალური გადაწყვეტილებები“, ადრე თუ გვიან აუცილებლად „წინ დახვდებოდათ“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა მტკიცებულება არსებობს, რომ ბრძანება ბადრი პატარკაციშვილის „ლიკვიდაციის“ შესახებ თვით მიხეილ სააკაშვილმა გასცა? მხოლოდ ერთი: მასტერას (გიორგი დგებუაძის) ფრაზა მის აგენტთან საუბრისას: „გადაწყვეტილება პრეზიდენტის დონეზეა მიღებული“.

მაგრამ, რეალურად, ეს არანაირი მტკიცებულება არ არის, რადგან ოპერატიული მუშაობის ანაბანაა: ოპერატიულმა მუშაკმა, სპეცსამსახურის თანამშრომელმა, აგენტის „დავერბოვკებისას“, უამრავი რამ შეიძლება თქვას, ათასი „ზღაპარი“ შეიძლება მოყვეს იმ მიზნით, რათა „დავერბოვკებული“ აგენტი დაამშვიდოს და მისი „ბმა“ განამტკიცოს.

აქ საკითხავი ის კი არ არის, მართლა გეგმავდნენ თუ არა პატარკაციშვილის „ლიკვიდაციას“. თუ პირველი ჩანაწერით ვიმსჯელებთ, ეს ეჭვს უკვე აღარ იწვევს. არამედ ის, ნამდვილად სააკაშვილისგან მოდიოდა თუ არა ბრძანება.

თუკი გამოვრიცხავთ (თუმცა ა-პრიორი რატომ უნდა გამოირიცხოს?) ვერსიას ამ ჩანაწერის „დადგმის“ თაობაზე უკვე პატიმრობაში მყოფი პირების მონაწილეობით და სამსჯელოდ დავუშვებთ, მართლა შეიკრიბენ 2007 წელს, მართლა ილაპარაკეს, მართლა დაგეგმეს, მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ეს საკითხია: როგორც მინიმუმ, „იცოდა თუ არა მიშამ“ ამ ოპერაციის შესახებ.

ზოგადად, სახელისუფლებო-ძალისმიერი იერარქიის ერთ-ერთი სისტემური თავისებურება (მით უმეტეს პოსტსაბჭოურ ქვეყნებში) ბიუროკრატიული პასუხისმგებლობის მუდმივი „ტრანსლირებაა“. „სანქცია“ ლიკვიდაციაზე ამერიკის პრეზიდენტმაც შეიძლება გასცეს. მაგალითად, პირადად ობამამ გასცა ამგვარი ბრძანება უსამა ბინ ლადენის თაობაზე. ოღონდ ეს პასუხისმგებლობა ბიუროკრატიულ იერარქიაში სრულად „ტრანსლირებულია“ და ოფიციალურად, ესე იგი Publicly რომც არ ადასტურებდეს სისტემა, მაინც ლეგიტიმურია.

სულ სხვაა, როცა საქმე ეხება მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას, - ბიზნესმენს, მილიარდერს, ანგაჟირებულ პერსონას, ოპოზიციის სპონსორსა და მოკავშირეს......ბრძანება მის ლიკვიდაციაზე პრეზიდენტის მხრიდან (თუნდაც „საქმის ყურში ყოფნის“ ფორმით, რაც იგივე სანქციაა!) იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი, პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით ჯდება დენთის კასრზე იმ პირობებში, როცა „პატრუქი“ უჭირავს სხვას........თან უცნობია ვის, უცნობია რამდენს, უცნობია ვინ როგორ გამოიყენებს ამ ინფორმაციას, ვინ ააფეთქებს და როდის....

ერთი სიტყვით, ალგებრულ ენაზე თუ ვიტყვით, უამრავი „უცნობისა“ და „ცვლადის“ შემცველი განტოლებაა. თუ მაინც ასეა, მაშინ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ელემენტარულად იდიოტი ყოფილა, რაც ძნელია სააკაშვილს დააბრალო. ზოგჯერ თავს კი იგიჟიანებს „ფიარისთვის“, მაგრამ სულელი ნამდვილად არ არის და არც პრაგმატიზმი აკლია. ანუ „ჭკვიანი გიჟია“

ახლა მეორე კუთხით შევხედოთ საკითხს: დავუშვათ სააკაშვილმა გასცა ეს იდიოტური ბრძანება - მოეკლათ პატარკაციშვილი. ან „საქმის ყურში იყო“, რაც იგივეა. კონკრეტულად რას მოიგებდა ამით იმ ვითარებაში, ანუ 2007 წლის დასაწყისში? ა) ოპოზიცია დაწყნარდებოდა და არა პირიქით? ბ)„ტელეიმედი“ მფლობელს შეიცვლიდა და ნაკლებ კრიტიკული გახდებოდა? გ) ოჯახი გამოძიებას არ მოითხოვდა და ამ საქმეში დასავლეთს არ ჩარევდა?

2007-2008 წლების მიჯნაზე რომ ყველაფერი ასე მოხდა (ა,ბ,გ) ეს იყო შედეგი არა პატარკაციშვილის სიკვდილისა ლონდონში, სადაც გამოძიება „სკოტლანდ იარდმა“ ჩაატარა და უეჭველი მიზეზიც (გულის უკმარისობა) „დადო“, არამედ 7 ნოემბერს ოპოზიციური მოძრაობის ძალისმიერი განადგურების, „ტელეიმედის“ დარბევის და შემდეგ ერეკლე კოდუას „ჩანაწერების“ გამოქვეყნებისა.

მაგრამ 2007 წლის დასაწყისში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა (რეალური მიზეზი არ დაიმალებოდა) მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნიდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაშ რა მოხდა რეალურად, თუ ეს ჩანაწერები ნამდვილია და არა დადგმული? სხვათა შორის  ევროპულ ექსპერტიზას ამის დადგენაც შეუძლია:  როდის არის ჩაწერილი - 2007 წელს თუ 2014 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც ეს ფიგურანტები დააპატიმრეს.

თუ ნამდვილია, აქ უბრალოდ გამომჟღავნდა იმ უზნეო და უტვინო ბიჭ-ბუჭების უპასუხისმგებლო, ბრიყვული (მორალზე ლაპარაკი ზედმეტია) „ჩაფრული მენტალობა“, ვის ხელშიც, ე.წ. „რევოლუციის“ შედეგად აღმოჩნდა უზარმაზარი, აბსოლუტურად შეუზღუდავი ძალაუფლება და  ცდილობდნენ „ამოეცნოთ“ რა უნდოდა და რა გაუხარდებოდა „პატრონს“ ანუ ამ „ტკბილი ძალაუფლების“ წყაროს; შემდეგ კი ემოქმედათ „ბიჭუშკური“ რადიკალიზმითა და უკანმოუხედავობით, რაკი ელემენტარულად არც ინტელექტი, არც მენტალური რესურსები არ ეყოფოდათ მიმხვდარიყვნენ, რომ მათი, ისევე როგორც „პატრონის“ იმჟამინდელი მდგომარეობა არ არის უვადო-უსასრულო.

20-25 წლის ბიჭს  ბუნებრივად ჰგონია,  ცხოვრება მუდამ ისეთი იქნება, როგორიც არის. 45 წლისა თავი ვერ წარმოუდგენია და „შორეულ სიბერედ“ მიაჩნია, რაზეც უბრალოდ არ ფიქრობს.

ნიკა იმნაიშვილი




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%