თუკი კერძო მანქანაში არასრულწლოვანია, თამბაქოს მოწევა არ უნდა იყოს დაშვებული - ალბათ, სამომავლოდ ასეთი შეზღუდვის შემოტანაზე უნდა ვიფიქროთ, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ ტაქსებზე დაწესებული რეგულაციები მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს, ასეთ პირობებში თამბაქოს მოხმარების კუთხით მათზე შეზღუდვების შემოტანა, პრობლემებს შექმნის.
მისივე განცხადებით, თუკი ტაქსების ლიცენზირების კუთხით გადაწყვეტილება მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება მიღებული, ცვლილებები ამ მხრივაც განხორციელდება.
მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების დიდ ქსელებში მძღოლებს ავტომობილში თამბაქოს მოწევა ეკრძალება, რაც დადებით ტენდენციაზე მიუთითებს.
"გპირდებით, რომ თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლებისთვის მომავალში აუცილებლად იქნება ცვლილებები, მაგრამ არა კანონის დასუსტების კუთხით. შემდგომში ვიფიქრებთ კანონის გამკაცრებაზე“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.