ENG / RUS       12+

რით მოხიბლა სალომემ - „ოცნება“ ?

ფართოდ გავრცელებული აზრით, „პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის მორიგ კატასტროფულ საკადრო შეცდომად იქცეს. ამგვარი შეცდომები, პოლიტიკაში ყოფნისას, მას არაერთი დაუშვია. ბიზნესში - ბევრად ნაკლები. ან თითქმის არც ერთი.

კომპეტენტურ წყაროთა მტკიცებით, ივანიშვილის უდავო წარმატება რუსულ ბიზნესში უპირველესად იმით იყო განპირობებული, რომ მან მოახერხა ძალიან ძლიერი (მაშასადამე კომპეტენტური და პროფესიონალური) მენეჯმენტ-სტაფის ფორმირება ბანკ „როსსიისკი კრედიტ“-ში. და შემდეგ იგივე სტაფი მართავდა მთელს მის ბიზნეს-იმპერიას.

ოღონდ  ბიზნესი ერთია, ხოლო პოლიტიკა - სულ სხვა! უკვე მერამდენედ მტკიცდება ჭეშმარიტება, რისი დაჯერება და გაგებაც ჯიუტად არ სურთ მილიარდერებს საქართველოდან - ამერიკამდე: პოლიტიკა ბევრად რთული, რაფინირებული და.......„ფაქიზია“. იოსებ სტალინი რომ ამბობდა  „კადრები წყვეტენ ყველაფერსო“, ის „დაბადებით ჩვენი“ თანამემამულე სწორედ ამას გულისხმობდა: პოლიტიკოსისა და ხელისუფალის უძვირფასესი ნიჭია, „დაინახოს“ ადამიანში, ვისაც საკუთარი ძალაუფლების ნაწილს (დიდსა თუ პატარას) ანდობს, უნარი, შესაძლებლობა ან პირიქით, საფრთხე და საშიშროება, - შეუქმნას ან არ შეუქმნას მას პრობლემები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ფაქტია: სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ არჩევამდე შეუქმნა ბიძინა ივანიშვილს ისეთი მძიმე პრობლემა და იმგვარი „სათქმელი“ მისცა ოპოზიციას სრულიად არაპროფესიონალური განცხადებით „აგვისტოს ომის“ შესახებ, რომ ახლა საგონებელში არიან - ხომ არ „გადათქვან“......თუმცა არ(ც) გადათქვამენ და ვე(ღა)რც გადათქვამენ, რადგან „უკვე“ ძალიან გვიანაა და „უარესი“ გამოვა.

იმის ალბათობაც არსებობს, რომ პრეზიდენტობისას სალომე ზურაბიშვილმა - ბიძინას და მის გუნდს იმაზე დიდი და რთული პრობლემა შეუქმნას, ვიდრე გიორგი მარგველაშვილმა. თუმცა, მარგველაშვილთან სხვაობა მაინც ისაა, რომ სალომეს ეყოლება ისეთი „კურატორი“, როგორიც პარიზია და სასტიკად ცდება, ვისაც ჰგონია, თითქოს პროექტი „პრეზიდენტი სალომე“ პარიზის გარეშე ხორციელდება. მარტივი მტკიცებულება: საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლა, მით უმეტეს მოქმედი დიპლომატისთვის (ზურაბიშვილი ბოლო მომენტამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირიცხებოდა „დიპლომატიური რეზერვის“ სტატუსით) ურთულესი ბიუროკრატიული პროცედურაა და 6 თვეს მაინც მოითხოვს. ასე იოლად და სწრაფად ამგვარი საკითხები მხოლოდ მაშინ წყდება, თუ ორმხრივი ან სამმხრივი თანამშრომლობაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ ამჯერად თვით ეს „გეოპოლიტიკური პროექტი“ კი არ არის საინტერესო, არამედ ის, თუ რატომ შეაჩერა ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი სწორედ სალომე ზურაბიშვილზე, რა ისეთი „უპირატესობა“ დაინახა მასში, როგორც ჯერ კანდიდატ, ხოლო შემდეგ გაპრეზიდენტებულ ფიგურაში, რომ უამრავ რისკზე მიდის?

„პარიზის“ მონაწილეობა შესაძლოა მან იცოდეს, მისმა გუნდმა და ანალიტიკოსებმა, მაგრამ ხალხი ამას ხომ ვერ ხედავს? და რაკი ვერ ხედავს, ამომრჩევლისთვის ეს განმსაზღვრელი ვერ იქნება. ესე იგი, სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად აქვს სხვა „ელექტორალური რესურსი“, რაც იზიდავს ამომრჩეველს, - რაღაც იმგვარი  მასობრივი მოტივაცია უკავშირდება, რაც  კონკურენტუნარიანად აქცევს იმავე გრიგოლ ვაშაძესთან ან  დავით ბაქრაძესთან შედარებით.

ბევრს მიაჩნია, თითქოს ეს რესურსია მხოლოდ ივანიშვილის მილიარდები, ასევე ხელისუფლების ადმინისტრაციული ბერკეტები. ანუ, როგორც ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა ერთ-ერთ უცხოურ რესურსთან ინტერვიუში „სკამი რომ დადგას ივანიშვილმა კანდიდატად, იმასაც ხმას მისცემს ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობაო“.

თუ ასეა,  ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ აიტკივებდა ივანიშვილი აუტკივარ თავს და რატომ არ დაასახელებდა ვთქვათ ზურაბ აბაშიძეს ან დავით სერგეენკოს? ხომ რიხინ-რიხინით გავიდოდნენ?

ან, ბოლოს და ბოლოს, თუკი ევროპელთა მოთხოვნა იყო „ძალაუფლების სრულ მონოპოლიზებას ნუ ეცდებითო“, განა ივანიშვილს გაუჭირდებოდა ეპოვა ასევე ვითომ „დამოუკიდებელი კანდიდატი“, რომელიმე „ელიტარული ინტელიგენტი“ - ქართველ მწერალთა, მხატვართა, კინორეჟისორთა, სხვათა და სხვათა ლეგიონიდან? ის დაესვა იმ „სკამზე“ და აერჩიათ პრეზიდენტად?!

მაშასადამე, სალომე ზურაბიშვილს კიდევ აქვს რაღაც ისეთი თვისება, რაც უდავოდ არსებულ „მილიარდებთან“ და უდავოდ არსებულ „ადმინისტრაციულ რესურსთან“ ერთად (ანუ მათ გარდა) ანიჭებს მას მიმზიდველობას ამომრჩევლის დიდი ნაწილის თვალში ისე, რომ ამ რესურსებზე დამატებულ „მარჟას“ ქმნის.

მხოლოდ „მილიარდები“ ან „ადმინრესურსი“ ვერ უზრუნველყოფს მილიონზე მეტ ხმას, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის იქნება საჭირო. ეს არის ტყუილი! რეალურად, კიდევ არის რაღაც საჭირო და ეს „რაღაც“ ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე ცნობიერ პროცესებს უკავშირდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოდით, დავაკვირდეთ: რის განსახიერებაა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეთა  იმ დიდი უმრავლესობისთვის, ვისაც, ფეხბურთელ თემურ ქეცბაიას თქმით, „აქედანაც უნდა და იქედანაც“? ანუ, ერთის მხრივ ევროპაც უნდა, როგორ არ უნდა - „მერსედესი“ რომ „ჟიგულის“ სჯობს იცის; „მანჩესტერი“ და „ბარსელონა“ რომ “სპარტაკზე“ უკეთ თამაშობენ ფეხბურთს იცის; ევროპაში რომ მეტი ხელფასია იცის, მაგრამ....იმავდროულად რუსეთის ეშინია და რუსეთთან მშვიდობაც უნდა.

ამომრჩეველთა ამ კატეგორიისთვის ფსიქოლოგიურად კომფორტულია  კანდიდატი, რომელიც ან პირდაპირ ეუბნება, ან ქვეცნობიერად მიანიშნებს, რომ „პროდასავლურ  კურსს“ კი გააგრძელებს, არც დამოუკიდებლობაზე იტყვის უარს, მაგრამ იმავდროულად მოახერხებს (მიშასგან და მისი გუნდისგან განსხვავებით) მოსკოვთან.....„მორიგებას“(!), რუსეთთან ახალი ომის თავიდან აცილებას, არ დაუშვებს ნერვებისმგლეჯ კონფრონტაციას „ჩრდილოელ მეზობელთან“ და იპოვის ე.წ. „საშუალოს“ („აქედანაც და იქედანაც“)  ისე, რომ საქართველო აღარ იყოს „საჯილდაო ქვა“ დასავლეთსა და რუსეთს  შორის.

როგორც გვახსოვს, სწორედ ეს აღმოჩნდა „ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი სლოგანი 2012 წელს და იმდენად „ათიანში გაარტყა“ ქართველთა ძალიან დიდი ნაწილის „გულუბრყვილო“ განწყობის თვალსაზრისით, რომ დიდად განაპირობა კიდეც „ოცნების“  იმდროინდელი წარმატება

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სხვაგვარად თუ ვიტყვით, სალომე ზურაბიშვილის ფენომენი ქართველი ამომრჩევლის ამ (რაოდენობრივად) გადამწყვეტ კატეგორიას უქმნის „გამოსაქცევს“ იმ ფსიქოლოგიურად დამაზიანებელი, შემაწუხებელი, ხშირად მტანჯველი დილემიდან, რომ ერთმნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთოს „რუსეთთან ომსა“ და „რუსეთთან კაპიტულაციას“ შორის.

ამ ხალხს „პატარა, მშვიდობიან, აყვავებულ ევროპულ ქვეყნად“ საქართველოს ქცევა კი  უნდა, როგორ არ უნდა, არც საქართველოს დამოუკიდებლობა ეთმობა, სულაც არ არის „კაპიტულანტურად განწყობილი“, აფხაზეთისა და „ოსეთის“ აღიარებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია - „ძირძველ ქართულ მიწებად“ მიაჩნია (სწორადაც მიაჩნია), მხარს უჭერს კურსს „ნატო“-სა და ევროკავშირისკენ, ოღონდ......ამ გზაზე მტანჯველი „ფასის“ გადახდა არ უნდა, მუდმივი დაძაბულობა არ ეპიტნავება, შესაძლო ომი აძრწუნებს, დანაკარგის ეშინია, პიროვნული (და ოჯახური!) მსხვერპლის გაღება არ სურს და ცდილობს ისეთი.....„გამოსაქცევ-გამოსაძვრენი“ იპოვოს, რაც მისცემს საშუალებას, უმტკივნეულოდ გაიაროს ომის „სცილასა“ და კაპიტულაციის „ქარიბდას“ შორის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

განა მისცემდა მას ამგვარ საშუალებას ზურაბ აბაშიძე ან დავით სერგეენკო? რა თქმა უნდა ვერა! ან, ყოველ შემთხვევაში ბევრად ნაკლებად და „სათუოდ“, ვიდრე ქართული ემიგრაციის შთამომავალი, საოცნებო პარიზში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, - ფრანგი დიპლომატი, ევროპელ არისტოკრატად მიჩნეული, ვინც  2007 წელს (თურმე) შეძლო რუსეთთან უომრად მორიგება რუსული ჯარების გაყვანაზე (სინამდვილეში, ის ჯარები პუტინმა გაიყვანა, რაკი „აგვისტოს ომი“ უკვე უმცირეს დეტალებამდე დაგეგმილი ჰქონდა) და ვინც დღესაც მზადაა მოსკოვთან  დიალოგისთვის, მოლაპარაკებისთვის, რათა ქვეყანა „უმტკივნეულოდ, უომრად“ გაატაროს ამ ვიწრო ყელში.....ანუ ერთის მხრივ, პროდასავლურ კურსზე უარი არ თქვას, მაგრამ მეორეს მხრივ, ახალი ომი თავიდან აიცილოს....

ვიმეორებ: შეძლებდა იმავეს განსახიერებას ზურაბ აბაშიძე ან დავით სერგეენკო? რა თქმა უნდა ვერა. ისინი მაინც იმ ერთი „პრორუსული“ უკიდურესობის გამოხატულება  იქნებოდნენ. ქართველ ამომრჩეველს კი......სწორედაც „აქედანაც უნდა და იქედანაც......“

აბაშიძე და სერგეენკო ხომ  ვერ ეტყოდნენ ქართველ ამომრჩეველს „შიშნეულად აღქმულ“ გრიგოლ ვაშაძეზე: „დალოცვილნო, ეს მეუბნება „პრორუსი ხარო“? მე დიდი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი ვარ, მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გავატარე, საბჭოთა რეჟიმს ვებრძოდი, ეს კი.......სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილებაში მუშაობდა ანდრეი გრომიკოს დროს, რომელიც მთლიანად „კგბ“-ს ნომენკლატურა იყო და....ახლა ეს „პროდასავლურია“ ხოლო მე - პრორუსული?!!!“

ზუსტად ეს კითხვა დასვა, სიტყვა-სიტყვით, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის აქციის შემდეგ. და რამდენად რიტრიკულ-დემაგოგიურიც არ უნდა იყოს,  ამგვარი არგუმენტი „მუშაობს“! ისევე, როგორც „იმუშავებს“ სალომე ზურაბიშვილის იმიჯი, როგორც......„აქედანაც“ და „იქედანაც“ საუკეთესოს მომტანისა.

რაც რა თქმა უნდა სრული ილუზიაა, რადგან მოსკოვს საქართველოს სადღაცშუაშიყოფნა არ აკმაყოფილებს და ნამდვილად არ აპირებს ქართველები ტკბილი, უზრუნველი, ევროპულ-ჩრდილოატლანტიკური ცხოვრებით გაახაროს ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი პრობლემების, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში თრუსო-ყაზბეგის თუ სხვა მიმართულებით ახალი აგრესიის გარეშე.

ამაზე მეტყველებს თუნდაც რუსეთის „საინფორმაციო ჯართა“ მორიგი შემოტევა „ლუგარის ლაბორატორიასთან“ დაკავშირებით. თან „სიკვდილსაც დავიწყებული“ იგორ გიორგაძის მონაწილეობით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისე......ომი, მსხვერპლი და ნერვების გლეჯა თუ არ გვინდოდა, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი კი არ უნდა ჩაგვეტარებინა, არამედ იმავე წლის 17 მარტის სსრკ რეფერენდუმზე „დერჟავის“ შენარჩუნებისთვის  მიგვეცა ხმა! ახლა (უკვე) დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ნურას უკაცრავად, ასე იოლად და უმტკივნეულოდ ვეღარავინ გაექცევა, რადგან აქ „შუაში გამოსაძრომი“, სინამდვილეში არ არსებობს......ან არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ,  ქართველი ამომრჩევლის ილუზიებში

ნიკა იმნაიშვილი