თარიღი    დრო

სალომე ზურაბიშვილი, ნინო ბურჯანაძე, მიშა, ბიძინა და უახლესი წარსული, რომელიც......დღევანდელობაა

საქართველო, თბილისი - 12:45 08.16.2018 1332

„ფრანგული წარმოშობის ქართველი ქალბატონი“ - ასე დაახასიათა 2006 წელს კონსტანტინე (კოტე) გაბაშვილმა სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

დავაკვირდეთ: არა „ქართული წარმოშობის ფრანგი ქალბატონი“, რაც ასე თუ ისე, დიდი ჯახირით მაგრამ მაინც გასაგები იქნებოდა (თუმცა არა მისაღები, - ელემენტარული კორექტულობის თვალსაზრისით) არამედ.......„ფრანგული წარმოშობის ქართველი ქალბატონი“. ზუსტად ასე თქვა კოტე გაბაშვილმა სიტყვა-სიტყვით და არ დაიჯეროთ არც ერთი წუთით, რომ უბრალოდ „შეეშალა“ - ეს სიძულვილით აღსავსე განცხადება გამოხატავდა იმდროინდელ დაპირისპირებას სალომე ზურაბიშვილთან: გაბაშვილს მაშინ ეკავა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - საგარეო საქმეთა მინისტრისა.

ზოგადად, ქართველი პოლიტიკოსების ერთ-ერთი განუშორებელი თვისებაა ილუზია, რომ მათი ოდინდელი პოზიციები, დამოკიდებულებები, გამონათქვამები, მიმართებები 10-12 ან თუნდაც 20-25  წლის შემდეგ აღარავის ახსოვს და „ყველას დაავიწყდა“. მაგრამ ნურას უკაცრავად: ისტორიაში, როგორც იტყვიან „ყველა სვლა ჩაწერილია“ ისევე, როგორც საჭადრაკო პარტიაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიას „არაფერი ავიწყდება“, არამედ წარსულთან დღევანდელობის ურყევი კავშირის გამო......როგორც ჭადრაკში, ყოველი მომდევნო სვლა წინა სვლას უკავშირდება, ხოლო ამჟამინდელი პოლიტიკური დისპოზიცია-უწინდელს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კოტე გაბაშვილმა, 2006 წელს, აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს იმ დროს მძვინვარედ დაუპირისპირდა. ეს იყო მართლაც „მძვინვარე დაპირისპირება“, თან უძლიერესი „ქალური“ შემადგენლით!

მთავარი და არსებითი მიზეზი ის გახდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, როგორც საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი (!) მაღალი რანგის დიპლომატი, რუსეთ-საქართველოს იმდროინდელ დაპირისპირებაში პანკისის ხეობისა და ჩეჩნეთის გამო (მაშინ ეს თემატიკა ჯერ კიდევ ძალიან აქტუალური იყო) ცდილობდა პარიზის......„რჩევები“ გაეთვალისწინებინა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა პარიზ-მოსკოვის „დღის წესრიგის“ ნაწილად ექცია. მათ შორის იმ „ინსტრუმენტების“ გამოყენებით, რომელსაც გულისხმობდა  ეუთოს სადამკვირვებლო მისია „რუსეთ-საქართველოს“ საზღვარზე.

აქვე უნდა ითქვას: სტრატეგიულად ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომა იყო, რაც 2008 წლის ომის თავიდან აცილების გარკვეულ  შანსსაც კი ქმნიდა.

ბევრს აღარ ახსოვს, რომ 2001 წელს, სწორედ საფრანგეთის აქტიური ჩარევით, საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთისა და დაღესტნის  მონაკვეთზე, მათ შორის პანკისის ხეობის მიდამოებში, განლაგდა „ეუთოს“ სადამკვირვებლო „საველე მისია“, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის ამოთრევას იმ გულისამრევი წუმპიდან, სადაც 1999 წლიდან აღმოჩნდა, როდესაც მოსკოვი გამუდმებით ადანაშაულებდა შევარდნაძის ადმინისტრაციას „ჩეჩენი ბოევიკების მხარდაჭერაში“, 2002 წლის 11 სექტემბერს (! - ანუ ამერიკული ტერაქტის წლისთავზე, რაც უბრალო დამთხვევა არ გეგონოთ) შევარდნაძეს პუტინმა ულტიმატუმიც წაუყენა და ამ ულტიმატუმს ევროპა მდუმარედ დაეთანხმა! შეგახსენებთ  მივიწყებულ ფაქტს: დაახლოებით იმ პერიოდში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სარკოზიმ (დიახ, დიახ, სწორედ „იმ“ ნიკოლა სარკოზიმ) მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ჩეჩენი ტერორისტები და დივერსანტები საქართველოს ტერიტორიას, კერძოდ პანკისის ხეობას აფარებენო თავს.

სხვათა შორის, ეს სრული სიმართლე იყო: მოსკოვში საზარელი ტერაქტის (საცხოვრებელი სახლების აფეთქება) მომწყობნი, - აჩიმეზ გოჩიაევი, იუსუფ კრიმშამხალოვი და ადამ დეკკუშევი -  ნამდვილად პანკისს აფარებდნენ თავს.

საფრანგეთის იმდროინდელი ელჩი, მირეი მიუსო, ნიკოლა სარკოზის მკაცრი განცხადების შემდეგ, შეხვდა ედუარდ შევარდნაძეს და კატეგორიულად მოსთხოვა „პანკისში ზომების მიღება“. შეიძლება ითქვას, ისეთივე სიმკაცრით მოსთხოვა, როგორც ამას მოსკოვი, ანუ პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი (არ აგვერიოს იგორ ივანოვში) ითხოვდნენ.

შევარდნაძემ მართლაც მიიღო ზომები: ჩეჩენი სავალე მეთაურის,  რუსლან გილაევის რაზმი ხეობიდან გააძევეს ომის მუქარით (პანკისთან თავდაცვის მინისტრმა თევზაძემ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო მშიერ-ტიტველი არმიით), ხოლო 2002 წლის მიწურულს და 2003 წლის დასაწყისში ქართულმა სპეცსამსახურებმა რამდენიმე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს - კრიმშამხალოვი და დეკკუშევი დააკავეს, მოსკოვს გადასცეს, ხოლო მთავარი ორგანიზატორი მოსკოვის ტერაქტებისა - ყარაჩაელი აჩიმეზ გოჩიაევი - უკვალოდ გაქრა. ზოგიერთი ცნობით ჩეჩნებმავე მოკლეს, თუმცა სხვა ცნობებით დღემდე სადღაც პანკისის ტყეში იმალება. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ რაც მას მოსკოვში ელის, იმას  სადმე ტყის ორმოში ცხოვრებაც სჯობს ნამდვილად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

სწორედ ამ ფონზე, 2003 წელს, ანუ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის საწყალობელი პრეზიდენტობის ბოლო წელს, ქალბატონი მირეი მიუსო მიდის საქართველოდან და თბილისში საფრანგეთის ელჩად ინიშნება სალომე ზურაბიშვილი. როგორც ჩანს, მისი გამოგზავნით პარიზი ფიქრობდა, რომ ქართული ემიგრაციის შთამომავალს, ეთნიკური წარმომავლობით ქართველს, უფრო გაუადვილდებოდა ის „ურთიერთქმედება“, რაც მანამდე განხორციელდა სამკუთხედშიმოსკოვი-თბილისი-პარიზი“.

ამ დროს საქართველოში მოხდა  „ვარდების რევოლუცია“, ქვეყნის სათავეში მოვიდა მიხეილ სააკაშვილი.......პრეზიდენტად არჩევისთანავე, მიშამ დაუყოვნებლივ „მოხსნა“ საგარეო საქმეთა მინისტრობიდან  ნინო ბურჯანაძის კადრი-თედო ჯაფარიძე და მინისტრად სალომე ზურაბიშვილი დანიშნა.

ერთი წამით ეჭვი არ შეგეპაროთ, ეს საკითხი პარიზთან შეთანხმებული იყო. სხვაგვარად თვით სალომე ამ დანიშვნას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა (საფრანგეთის მოქალაქეობისა და ფრანგულ დიპლომატიურ სამსახურში ხელფასის შენარჩუნებით),  ხოლო პარიზი დათანხმდა სწორედ იმ პირობით, რომ სალომე დარჩებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომლად (!) და გააგრძელებდა „სამწევრიან ურთიერთქმედებას“, რაც მანამდე ჩამოყალიბდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ, ეს ყოველივე ძალიან არ მოეწონა ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ თედო ჯაფარიძე მისი კადრი იყო, ამიტომ მისი ასე ერთი ხელის მოსმით.....„მოხსნა“ პიროვნულ შეურაცხყოფად აღიქვა და სწორადაც აღიქვა;  

მეორეც, „ეუთოს“ ქცევა სასაზღვრო მონიტორინგის საკითხში რუსულ-ფრანგული „ინგეიჯმენტის“ ინსტრუმენტად პრობლემებს უქმნიდა მის მეუღლეს- ბადრი ბიწაძეს, რომელიც მაშინ სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო;

ასევე, ნინო საშინლად განაწყენდა სალომეზე - სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის პოსტიდან მისთვის ავტორიტეტული ლანა ღოღობერიძის უცერემონიო......„მოხსნის“ გამო;  

და რაც მთავარია, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს მაშინ (2006 წელს)......„ცოტათი“ სხვა პოზიციები და სხვა „ნარატივი“ ჰქონდა  რუსეთის მიმართ - კატეგორიულად განსხვავებული ამჟამინდელი „პრორუსული“ ნარატივისა. იმ დროს ნინო ბურჯანაძე გამოდიოდა კატეგორიულად წინააღმდეგ ნებისმიერი კომპრომისისა მოსკოვთან.

მაგალითად, იმპიჩმენტით დაემუქრა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსა და „რეფორმების  მინისტრ“ კახა ბენდუქიძეს, როდესაც (რასაკვირველია პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთანხმებით) მათ „დიდი გაზსადენის“ რუსეთისთვის გადაცემაზე დაძრეს კრინტი.

ეს დღესაა ქალბატონი  ნინო „რუსეთთან კომპრომისული გზების“ ძიებაში თორემ მაშინ (2006წ) სუუუუუულ სხვა პოზიციები ჰქონდა. სწორედ იმ „პოზიციათა“ ერთ-ერთი გამოვლინება  იყო  მისი შეტევა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა (თუმცა ძალიან არ უნდოდა) სალომე „გაეშვა“

შემდეგ, უკვე „ხუთდღიანი ომის“ სამარცხვინო წაგების კვალობაზე (ეს ომი 2004-2008წწ  გატარებულმა „უკომპრომისო“ საგარეო პოლიტიკამ განაპირობა და არა მხოლოდ 7 აგვისტოს სააკაშვილის „გიჟურმა გადაწყვეტილებამ“) ნინო და სალომე შერიგდნენ, ოპოზიციურ აქციებშიც ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო  ქალბატონ ნინოს თავი ისე ეკავა, თითქოს თვითონ არაფერ შუაში იყო სალომეს იძულებით „გაშვებასთან“ და ვითომდაც სალომე ზუსტად მას არ გულისხმობდა, როცა თქვა დაუვიწყარი: „ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან!“

ქალბატონ ნინოს ჰგონია, ეს ყოველივე აღარავის ახსოვს, აღარავინ იცის, მაგრამ.......მისდა სამწუხაროდ, ცდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 მაინც, რატომ არის ეს ისტორიული ექსკურსი და ეს თითქოს უკვე „შორეული წარსული“ ძალიან მნიშვნელოვანი და არათუ უბრალოდ მნიშვნელოვანი, არამედ განმსაზღვრელიც დღევანდელი სიტუაციის გასაგებად? იმიტომ, რომ, მისი გათვალისწინების გარეშე ვერაფრით ვერ გავიგებთ და ვერ მივხვდებით რა ხდება ამჟამად.

საქმე ის გახლავთ, რომ დღეს, პარიზი და მოსკოვი, თბილისთან შეთანხმებით, როგორც ჩანს, კვლავ  ცდილობენინგეიჯმენტისიმ სქემის აღდგენას, რაც 2004 წლიდან შექმნეს მიხეილ სააკაშვილის სრული თანხმობით, -  როცა სალომე გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა კი ამ სქემას უკვე ბიძინა ივანიშვილს სთავაზობენ და „ოცნების“ ლიდერიც მას სიამოვნებით იღებს. იმიტომ რომ უამრავ პრობლემას უწყვეტს ხელისუფლებას.

არ დავივიწყოთ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი:

1) ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა. და არც თუ „რიგითი“ მოქალაქე......

2) სწორედ საფრანგეთია გარანტორი „სარკოზი-მედვედევის“ შეთანხმებისა, რაც ამჟამინდელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი „სტატუს-ქვოს“ შენარჩუნებას გულისხმობს ვითარებაში, როცა რუსული ქვედანაყოფები თბილისი-ფოთის მაგისტრალიდან 500 მეტრში დგანან, ხოლო ოსები თრუსოს ხეობისა და ყაზბეგის დაპყრობით იმუქრებიან.

ზუსტად ამ  სამმხრივი (საფრანგეთ-საქართველო-რუსეთის) ინტერესთა თანხვედრის „პროდუქტია“ უპირველეს ყოვლისა „პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი!“ ანუ გაუფორმებელი, თუმცა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებისა პარიზს, თბილისსა და მოსკოვს შორის.

ამ „სამწევრიანი“ სქემის  მნიშვნელობას არათუ ბიძინა ივანიშვილი, არამედ (როგორც მოგახსენეთ) მიხეილ სააკაშვილიც აცნობიერებდა........თუმცა მაშინ პარიზ-თბილისი-მოსკოვის სქემა (ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს სქემა საქართველოსთვის საზიანო იყო) ნინო ბურჯანაძის უშველებელმა ამბიციამ დაანგრია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს მოსაზრება რომ მართებულია და ბევრ იმ „უცნაურობას“ ხსნის რაც დღეს ხდება, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება შემდეგი ფაქტით. კვლავ დავაკვირდეთ: გამორიცხულია,  სალომე ზურაბიშვილმა დათმოს საფრანგეთის მოქალაქეობა, თუ საქართველოს პრეზიდენტი არ გახდა! ანუ (გავიხსენოთ) -  სულ ახლახანს, პარლამენტმა, ხსენებული „გეოპოლიტიკური კომპრომისის“  ფარგლებში, მიიღო კანონპროექტი, რომლითაც, ორმაგი მოქალაქეობის მქონე  პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება დარეგისტრირდეს, თუ მხოლოდ შეიტანს განაცხადს, რომ აპირებს უარი თქვას მეორე მოქალაქეობაზე და წარმოადგენს ცნობას ამგვარი განაცხადის შესახებ.

მანამდე ასეთი საკანონმდებლო ნორმა არ არსებობდა, ანუ ეს შესწორება, ბიძინა ივანიშვილის წინადადებით, „ოცნებამ“ კანონში აშაკრად სპეციალურად სალომე ზურაბიშვილისთვის შეიტანა. შემდეგ სალომემ მიმართა საელჩოს, მაგრამ საფრანგეთის სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. რატომ? იმიტომ, რომ ესეც შეთანხმებულია იმავე „სამკუთხედში“: თუ სალომე პრეზიდენტი გახდა, მაშინ კი ბატონო, საფრანგეთი გააგრძელებს პროცედურებს, გაიყვანს მას მოქალაქეობიდან და ინაუგურაციის მომენტისთვის სალომე უკვე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე იქნება (როგორც კონსტიტუცია მოითხოვს), მაგრამ თუ სალომეს პრეზიდენტად არ აირჩევენ......იგი უბრალოდ გამოიტანს საელჩოდან განაცხადს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ და დარჩება საფრანგეთის მოქალაქედ.

ბევრი ვერც იმას ამჩნევს, რომ იმავე „სამწევრიანი ინგეიჯმენტის“ ნაწილია სალომეს სენსაციური განცხადება 2008 წლის დღენახევრიანი ომის შესახებ. ამაზე „ურთიერთქმედი მხარეები“ ისევე შეთანხმდნენ, როგორც სალომეს მოქალაქეობაზე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროექტი „პრეზიდენტი სალომე“ არის გეოპოლიტიკური კომპრომისი პარიზს, თბილისსა და მოსკოვს შორის, რომლის ჩაშლა მხოლოდ ქართველ ამომრჩეველს შეუძლია და......იმავე მიშას  - მისი უძლიერესი და თითქმის ყოვლისშემძლე „მედიაქვემეხის“ მეშვეობით.

არადა, მიშა,  2004 წელს, თვითონ დაეთანხმა ამ კომპრომისს, ანუ ამგვარი „სამწევრიანი სქემის“ შექმნას და........ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მაშინ მოიქცა აბსოლუტურად სწორად!

 თუმცა დღეს ამას  რასაკვირველია აღარ აღიარებს, რაკი მასაც იმედი აქვს, ეს ყოველივე აღარავის ახსოვს და ამ რთულ „საჭადრაკო პარტიაში“ უკვე  ვეღარავინ გაერკვევა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისე.....სალომემ ხომ მოგვიწოდა, „ცოტა ტვინი გაანძრიეთ“ და/ანუ სიტუაციას დააკვირდითო........ჰოდა დავაკვირდეთ ერთად: ძალიან რთული თამაში მიდის!

ნიკა იმნაიშვილი




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%