26 მაისს თბილისში, სასტუმროში „Hotels & Preference Hualing Tbilisi, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ,,კრინიცის ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ ჩატარდება, რომელიც ყოველწლიურად პოლონეთის ქალაქ კრინიცაში იმართება და მას ტრადიციულად პოლონეთის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთად ხსნის.
თბილისში კრინიცის ეკონომიკური ფორუმი პრეზიდენტის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ტარდება და მას საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები და საქართველოს პრემიერმინისტრი გახსნიან.
ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას საქართველოს ბიზნესსექტორის გარდა, სლოვაკური და პოლონური ბიზნესდელეგაციის 100-მდე წევრი მიიღებს. ღონისძიებას დაესწრებიან ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ბელარუსიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ფორუმს 300-მდე სტუმარი ეყოლება, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
ეკონომიკური ფორუმის მიზანია ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნა და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარება. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის: ევროკავშირთან ასოცირება - გამოწვევები და შესაძლებლობები; ენერგო- უსაფრთხოება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; საქართველო და სამხრეთ კავკასია - პერსპექტიული სატრნზიტო არეალი; ბიზნესის კეთება საქართველოში; საქართველოსა და პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 100 წლის შემდეგ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. ასევე, ახალგაზრდულ პანელურ დისკუსიებზე ევროპის მომავალსა და ეკონომიკის ხვალინდელ დღეზე იმსჯელებენ.