აბსურდია, პროკურატურა მირზა სუბელიანმა დააშანტაჟოს - ასე ეხმაურება პროკურორი ზვიად ფხაკაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყოფილი პროკურორი, მირზა სუბელიანი, რომლის სახელიც ხორავას სისხლიანი გარჩევის საქმეში ფიგურირებს, შესაძლოა, პროკურატურას ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებით აშანტაჟებდეს.
"ეს იმდენად აბსურდია, კომენტარის გაკეთებას არ საჭიროებს, რადგან ეს კითხვა დაისვა, ცალსახად გპასუხობთ, არას. მირზა სუბელიანთან კავშირი არ გამაჩნია, პროკურატურა მირზა სუბელიანმა რომ დააშანტაჟოს, ეს აბსურდია", - აცხადებს ფხაკაძე.
რაც შეეხება, ზაზა სარალიძის განცხადებას, რომ მას პროკურორები ვიღაცის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ, პროკურორი აცხადებს, რომ სარალიძის პოზიცია ხშირ შემთხვევაში დაცვის მხარის პოზიციას ემთხვევა.
"ზაზა სარალიძეს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენთან მოვიდეს და კონკრეტულ კითხვებზე პასუხი მიიღოს არამხოლოდ თავად, არამედ ნებისმიერ პირთან ერთად, რომელსაც ენდობა... შეხვედრას ვადასტურებ. გულისყურით, მზად ვიყავით მოგვესმინა მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ასევე ის, თუ რა პრეტენზია გააჩნდა. ბატონი ზაზა მოითხოვს, დავიჭიროთ კიდევ ორი პირი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ორი პირი, ვინც დაკავებულია, გავათავისუფლოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მწუხარებას, მისი მდგომარეობის შესახებ, მისი მესმის და ეს განცხადება მისი აღელვების შედეგად მივიჩნიე. მისი განცხადებები როგორც ვერბალურად, ისე შინაარსობრივად, სრულ თანხვედრაშია დაცვის მხარის მიერ პროცესზე გაკეთებულ განცხადებებთან, ეს პოზიცია მას დავუფიქსირეთ. იმის თქმას, რომ ის ვიღაცის ინტერესებს ატარებს, ეს ინფორმაცია დადასტურებულადაც რომ მქონდეს, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არც ვაკადრებ", - აცხადებს ფხაკაძე.
დღევანდელ პროცესზე მხოლოდ ორი მოწმის დაკითხვა მოესწრო, აქედან ერთი მოწმე ექიმი გახლდათ, რომელმაც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გაუწია სარალიძეს სამედიცინო დახმარება, მეორე კი ექსპერტი იყო, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ და სხვა ნივთიერ მტკიცებულებებზე ისაუბრა.
პროკურორის განცხადებით, აღნიშნული ექპერტის ჩვენებით, დასტურდება რომ დანებზე როგორც ბრალდებულების, ასევე გარდაცვლილის გენეტიკური პროფილია დაფიქსირებული.