„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, მან წამებით საქართველოს სიყვარულს, მისი ღირსების დაცვას შესწირა თავი, ამიტომ, საქართველო არასდროს დაივიწყებს თავის გმირს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.
არჩილ ტატუნაშვილი დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.