,,გახადე შრომა უსაფრთხო“ - ამ მოთხოვნით, 23 თებერვალს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, დასაქმებულთა საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც დღეს პარლამენტში განიხილება არ გვთავაზობს ინსპექტირების ეფექტურ მექანიზმს.
"მუშების მოთხოვნაა საქართველოს პარლამენტმა სრულად გაითვალისწინოს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების რეკომენდაციები, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, უზრუნველყოს სიცოცხლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და ღირსეული შრომა.
საპროტესტო მსვლელობაში ინდუსტრიული ქალაქებიდან და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული დასაქმებულები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა სჭირდება!
მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, შენ ხარ", - აცხადებენ ორგანიზატორები.
მსვლელობა ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე 17:00 საათზე დაიწყება.