21 აგვისტოს, 09:00-ზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ორგანიზებით იმართება. ფორუმის ფარგლებში თბილისს ეწვევა 80-მდე ბიზნესმენი ჩინეთის განსუს პროვინციიდან.
ბიზნეს-ფორუმი ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს, განსუს პროვინციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს-დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმართება. ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ბიზნეს-სექტორს ჩინეთიდან და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელონ.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სფეროები: სოფლის მეურნეობა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, ინჟინერია, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება, ავიაცია, ფარმაცევტიკა, სამშენებლო მასალები, ავტო ნაწილები, სპორტული დანადგარები, კერამიკა, ლოჯისტიკა, ქიმიური ნივთიერებები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასტუმრო ინდუსტრია, სარწყავი მოწყობილობები.
ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე ვუ ლისია გახსნიან. ფორუმის ფარგლებში გაკეთდება პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს წარმომადგენლები ჩაატარებენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, „საქართველოს რკინიგზისა“ და განსუს პროვინციის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ხელშეწყობის საბჭოს განსუს კომიტეტს შორის. დოკუმენტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთო აქტივობების განხორციელებაა.