ENG / RUS       12+

შავი ჯიპებიდან ციანიდამდე - ბნელი საეკლესიო საქმე

ბიზანტიის ისტორია ადასტურებს, რომ „ასეთი რამ“  სწორედ „ასე“ მთავრდება. ანუ, ადრე თუ გვიან აცილებლად უნდა „ექუხა“ გრანდიოზულ სკანდალს ყველაზე ავტორიტეტულ საერთოეროვნულ ინსტიტუტში, რომლის უმაღლესი ნდობის რეიტინგი, სინამდვილეში, სწორედ იმას ეყრდნობოდა, რომ იქ არსებულ პრობლემებზე ღიად არავინ საუბრობდა.

თუმცა, ძველი საბჭოთა ტრადიციით, „სამზარეულოებში“, ანუ „ჩუმ-ჩუმად“ და თან მზარდი სიხშირით, მაინც ლაპარაკობდნენ იმაზე, რასაც ხედავდნენ, და რისი „არდანახვაც“ უკვე შეუძლებელი იყო.

მაგრამ თავდაპირველად, ორიოდე სიტყვა თვით იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რამაც მთელი ეს ამბავი „ააფეთქა“: უკვე აშკარაა ნახევრადკომიკური მცდელობა, აქცენტი იმაზე გადაიტანონ, რომ პროკურატურის ნაგულისხმევი „მაღალი იერარქიის პირი“ არა თვით პატრიარქი, არამედ მისი მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილია.

ანუ, გამოდის, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, სწორედ ტოლკიენისეულ მფშვინავ „მდედრ საურონად“ გამოცხადებული „მდივან-რეფერენტის“ მოკვლა დაუგეგმავს და არა თვით პატრიარქისა! თითქოს დიდი შეღავათი იყოს; არადა მაინც  „შეღავათად“ ჟღერს იმასთან შედარებით, რაც ბრალდება: „ჩვიდმეტსაუკუნოვანი, სამოციქულო, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის“ საჭეთმპყრობლის მოწამვლის მცდელობა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ლოგიკა, ნებისმიერ შემთხვევაში უებარი მოკავშირეა. დავსვათ მარტივი კითხვა: პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა, როცა „თავიდან აცილებულ უდიდეს ეროვნულ უბედურებაზე“ და „საქართველოს სახელმწიფოებიობის წინააღმდეგ დაგეგმილ დარტყმაზე“ ილაპარაკა - შორენა თეთრუაშვილი იგულისხმა?!

გამორიცხულია! და რაკი გამორიცხულია, ხოლო იმავე განცხადებაში პრემიერმა აღიარა, რომ „დიდი ხნის წინ იცოდა ამ გამოძიების შესახებ“, ლოგიკურად ისმის მეორე კითხვა: პრემიერმა იცოდა და პატრიარქმა არა?

აქედან  კი მესამე კითხვა გამომდინარებს: არ გეჩვენებათ უცნაურად, რომ „კვანძის“, ანუ საქმის გახსნა და ეჭვმიტანლის დაკავება „დაემთხვა“ პატრიარქის გერმანიაში გამგზავრებას და დიდი ხნის წინ დაგეგმილ (არა გადაუდებელ, არამედ სწორედ დაგეგმილ!) ოპერაციას?

კითხვას თუ შევატრიალებთ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მოხდა პირიქით.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს კი შეუძლებელია არ ეგრძნო მის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა და არ გასჩენოდა ეჭვი, რომ „რაღაც იცოდნენ“ მისი უცნაური მონდომების შესახებ - ეყიდა ციანიდი.

აბა, ვინმე თუ დაიჯერებს, რომ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მიიღო ეს ინფორმაცია მამალაძის მოგვარისგან, უშიშროების სამსახური, სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, თვით პატრიარქის დაცვა ან იგივე „საურონ-შორენა“ დაუშვებდნენ, დეკანოზს პატრიარქთან ისეთივე „თავისუფალი წვდომა“ ჰქონოდა, როგორც ადრე, როცა, როგორც გვეუბნებიან, „საჭმელიც მას შეჰქონდა და სასმელიც?“. განა თვით დეკანოზი ამ ცვლილებას ვერ იგრძნობდა და ვერაფერს იეჭვებდა? და რაკი იეჭვებდა, ზომებს არ მიიღებდა, რათა ყველაფერი ისე მოეწყო, - მაქსიმალური აბსურდის შთაბეჭდილება გაჩენილიყო („გერმანიაში მიდიოდა ციანიდით ბარგში“), ხოლო წერილი, რაც უკვე დაპატიმრების შემდეგ გამოქვეყნდა, მანამდე ყოფილიყო მზად -  იმ მომენტისთვის, როცა მაქსიმალური ეფექტი მოჰყვებოდა?

დიდი გნიასის მიუხედავად, ამ ბუნებრივ კითხვებს „რატომღაც“ არავინ სვამს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პროკურატურას აშკარად არ სურდა  საქმის გახმაურება, ანუ მთელი ამ სიბინძურის „გარეთ“ გამოტანა. ბოლო მომენტამდე ჩქმალავდნენ.

მიზეზი, თუ რატომ არ სურდა, ორივე  ინტერპრეტაციას გააერთიანებს:

1) უფრთხილდებოდა გავლენას, რაც სახელმწიფომ ეკლესიაზე მოიპოვა გვარიანი რენტის გადახდით -  საზოგადოებრივ აზრზე ეკლესიის ზეგავლენის გამოსაყენებლად ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის ეპოქიდან.

2) უნახავდა „ნამუსს“ ერთადერთ მართლა ავტორიტეტულ საერთოეროვნულ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომლის ასეთი ზნეობრივი „დამხობა“ უდიდესი დარტმაა არა მხოლოდ ეკლესიაზე, არამედ სახელმწიფოებრიობასა და თვით ეროვნულ-განმათავისუფლებელ  იდეაზეც კი.

თანაც, პირველი მოტივი მეორეს სულაც არ ეწინააღმდეგება და პირიქით

აქვე უნდა ითქვას, რომ მტკნარი სისულელეა, თითქოს ამ გზით შეასძლებელია  „ეკლესიის განწმენდა“, მისი „განახლება“ და ა.შ. არანაირი „განწმენდა“ მთელი ამ სიბინძურის გარეთ გამოტანით არ მოხდება: საჯაროობით შესაძლებელია საპრეზიდენტო ინსტიტუტის, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა ამგვარი სტრუქტურების „გაწმენდა“, მაგრამ არა ისეთი ინსტიტუტისა, როგორიცაა ეკლესია, რაკი მისი საფუძველთა-საფუძველი საკრალურობა, რის გარეშეც იგი იოლად იქცევა ჩვეულებრივ „ფულის საკეთებელ საამქროდ“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბუნებრივია, მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ბრძოლა „ტახტისთვის“ და ასე შემდეგ, ხოლო „შორენაზე“ აქცენტის გადატანა ჩვეულებრივი პოლიტტექნოლოგიური ხრიკია, ანუ ელემენტარული გაიძვერობა: „ტახტის“, პატივის, ღირსებსა და „ოქროს ჯვრის“ მოსურნეთ ჯერ-ჯერობით არ სურთ ან არ შეუძლიათ „დაარტყან“ თვით პატრიარქს და ბევრს ლაპარაკობენ მის ვითომდაც ყოვლისშემძლე „გარემოცვაზე“, რომელიც თურმე „უმალავს“ პატრიარქს სიმართლეს და ა.შ.

მეორეს მხრივ, განა „ასეთი“, ან  ბევრად უარესი არ მომხდარა რომის წმინდა საყდართან?  პაპების გარშემო, მათ ბუდუარებსა და გარემოცვაში რომ ამბები ტრილებდა, ჩვენს ეკლესიას არც გამოეცხადება, მაგრამ ეს იყო დიიიიიიდი ხნის წინ - საუკუნეთა მიღმა. ხოლო XX საუკუნეში, 1929 წელს, გაფორმდა ლატერანის ხელშეკრულება, ანუ კონკორდატი, რომელიც გულისხმობდა სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნას!

მისგან განსხვავებით, შევარდნაძის ხელმოწერილი და მთელი ქართული ელიტის მხარდაჭერილი „კონკორდატი“ გულისხმობდა არა გამიჯვნას, არამედ შერწყმას: ეკლესიის დომინირებას და, სამაგიეროდ, ხელისუფლებათა მხრიდან დიდძალი რენტის გადახდას.

ეკლესია იქცა ძალაუფლების მალეგიტიმიზებელ (ჟარგონით თუ ვიტყვით „გამპრავებელ“) სუბიექტად. ხოლო „კორუფციის“ ლინგვისტური მნიშვნელობა „ხრწნაა“.

ზუსტად ასე გაიხრწნა ბიზანტია, როდესაც უკვე ვეღარავინ არჩევდა, სად მთავრდებოდა სახელმწიფო და სად იწყებოდა ეკლესია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შევარდნაძის „საგადასახადო შეღავათებისა“ და სააკაშვილის „შავი ჯიპების“ შედეგად, მივიღეთ საოცარი კორპორაცია, რომლის უმაღლესი იერარქია (ძალიან ბევრ პატიოსან მღვდელს ეს ნამდვილად არ ეხება - მადლობა ღმერთს, ასეთებიც არიან) შედგება ბობოლა „ანაფორიანი ბიზნესმენებისაგან“.

მრევლი კი, არათუ ვერ ამჩნევდა, არამედ ვერ ხვდებოდა და დღემდე ვერ ხვდება, რომ ამ „ანაფორიანთა“ მიღმა იდგნენ მათი შვილები, შვილიშვილები, დის-შვილები, ძმის-შვილები, რომლებსაც „ეკლესიურობისა“ არაფერი სცხიათ: მილანში მოგზაურობენ, დოლჩე-გაბანასა და ვერსაჩეს მაღაზიებში იცმევენ, პარიზის ქუჩებში „ფერარით“ სეირნობენ და ა.შ. მათთვის ეს ყოველივე საყვარელი მამის (ბაბუის, ბიძის, დეიდის ქმრის და ა.შ) სარფიანი ბიზნესია, მეტი არც არაფერი.

ამქვეყნიურმა სიამემ კი „მიჩვევა იცის“ და, როდესაც, ბიზნესის ურყევ კანონთა შესაბამისად, აღმავლობას დაცემა და კრიზისი, ან სულაც კოტრება მოსდევს, იწყება ურთიერთღრღნა, განაწყენება, ქიშპი, ანუ ძველის-ძველი ქართული „ერთმანეთის ჭამა“. რასაც ახლა ვადევნებთ თვალსა და ყურს.

სად არის გამოსავალი? არსად! ბიზანტიას მომავალი არ ჰქონდა.

ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .