ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი ძალის რეიტინგის დაცემას ხელს უწყობს კოალიციის დაშლა. IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შეფასებისას მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი საკმაოდ სწრაფად ეცემა, რადგან არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია.
,ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები ქვეყანაში, განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს, ვერ ვხედავთ ეკონომიკურ ზრდას, ასევე გაუმჯობესებას, ეს მოქმედებს მთლიანობაში განწყობებზე. პირველ რიგში, ამაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალა და შესაბამისად, მისი რეიტინგი ეცემა საკმაოდ სწრაფად. ასევე მმართველი ძალის რეიტინგის დაცემას ხელა უწყობს ის, რომ კოალიცია, პრაქტიკულად, დაიშალა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე კოალიციას საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალები მოაკლდა. ასე რომ, რა თქმა უნდა, მხარდამჭერთა რიცხვი მნიშვნელოვნად მცირდება", - განაცხადა გოგოლაშვილმა ჟურნალისტებთან.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგების თანახმად, მომდევნო კვირას რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, 19% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა. ასევე, გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.