საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 7.5 მლრდ ლარი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 2012-09-04 17:29:00

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა II კვარტალის განმავლობაში 7.5 მლრდ ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 4.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

"საქსტატის" ინფორმაციით, საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 82.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი 7.1 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 10.7 პროცენტი.

თითქმის იდენტური ვითარებაა გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზეც: მსხვილი ბიზნესი - 81.7 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 6.8 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 11.5 პროცენტი.

საანგარიშო პერიოდში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში შეადგინა 180 მილიონი ლარი, რაც საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 87.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 8.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 4.4 პროცენტი.