ცესკო ავღანეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცედურის უზრუნველსაყოფად კონკურსს აცხადებს

საქართველო, თბილისი - 2012-08-06 11:45:00

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავღანეთში განლაგებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცედურის უზრუნველსაყოფად კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ცესკო ავღანეთში, პროპორციული წესით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით, სპეციალური ჯგუფების სამ-სამი წევრის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს.

საბუთების მიიღება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება.

ინფორმაციის მიხედვით, საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში - ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო უბნები - ჰელმანდის საარჩევნო უბანი - "შუკვანი" და ჰელმანდის საარჩევნო უბანი - "ბ - ასეულის ბაზა" შეიქმნა.

ქაბულის ბაზაზე მყოფი ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ.