კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები, ასევე, პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
კონფერენცია წარმოადგენს, ერთი მხრივ, თავდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ხოლო მეორე მხრივ, პარტნიორ ქვეყნებთან აზრთა გაზიარების და დიალოგის საუკეთესო შესაძლებლობას.
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების პოლიტიკის ერთგვარ ფორუმად ჩამოყალიბდა. თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენცია წელიწადში ორჯერ იმართება.
29 ივნისს კონფერენციას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ შეუერთდება. ის შეხვედრას გამართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან. კონფერენციის პარალელურად მინისტრს უცხოელ სტუმრებთან ინდივიდუალური შეხვედრებიც ექნება.