ხორვატიის ახალი პრეზიდენტი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და კომპოზიტორია

საქართველო, თბილისი - 2010-01-11 09:22:00

 ხორვატიაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ივო იოსიპოვიჩი გახდა.

სახელმწიფო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრანკო ხვრატინის განცხადებით გამარჯვებულს მხარი ამომრჩევლების 60,29%-მა (1 მილიონ 339 ათასი ადამიანი) დაუჭირა.

იოსიპოვიჩის კონკურენტმა, მისმა ყოფილმა თანაპარტიელმა, ზაგრების მერმა მილან ბანდიჩმა ხმების 39,71% მოაგროვა. ამომრჩევლების აქტივობამ კი 50,287%შეადგინა.

ხორვატიის ახალი, 52 წლის პრეზიდენტი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია. იგი უნივერსიტეტის პროფესორი და ქვეყანაში საკმაოდ კარგად ცნობილი კომპოზიტორია.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ზორან მილანოვიჩმა მეორე ტურის შედეგებს "პიროვნებისა და პარტიის გამარჯვება" უწოდა.