ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების VI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2011-10-14 17:09:00

18 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვით, ბათუმის დრამატულ თეატრში მართლმადიდებლური ფილმების VI საერთაშორისო ფესტივალი - "წმინდა ანდრიას ჯვარი" - გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალი წელს მეექვსედ ტარდება და მასში მონაწილეობას მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ქართული და უცხოური ფილმები მიიღებენ - მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, სტუდენტური.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი ტელეფილმები, ტელეპროგრამები, სარეკლამო რგოლები და კლიპები. ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებში აქცენტი ეთნოგრაფიაზეც არის გაკეთებული.

მართლმადიდებლური ფილმების VI საერთაშორისო ფესტივალი - "წმინდა ანდრიას ჯვარი" აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ტარდება.