ივანიშვილი ქვეყანას გველეშაპივით მოაჯდა, მძევლად ჰყავს აყვანილი და აშშ-სა და ევროპას ეუბნება, რომ თუ მის ხუშტურებს არ დააკმაყოფილებენ, ქვეყანას რუსეთში წაიყვანს - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 2024-09-18 14:58:00

ბიძინა ივანიშილი  აშშ-ს ან ევროკავშირს რით უნდა დაემუქროს? - ემუქრება იმით, რომ საქართველოს, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი, რუსეთისკენ წაიყვანს, - ''ქართულმა ოცნებამ“ ადეკვატურობა დაკარგა! - ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე  აშშ-ის ელჩთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრას ეხმიანება

გოცირიძის თქმით, პრემიერის გუშინდელი განცხადება დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივია.

„პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ელჩს ფაქტობრივად იმით დაემუქრა, რომ თუ დასავლეთი ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერას გააგრძელებს, თურმე ეს წითელი ხაზი იქნება - მერე გვიყურეთ, ჩვენ რას ვიზამთო! რა უნდა ქნან, ამ მართლა გოიმებმა?!

დასავლეთს ფაქტობრივად იმას ეუბნებიან, რომ ქვეყანას რუსეთისკენ წაიყვანენ. იმუქრებიან საქართველოს რუსეთის გუბერნიით გადაქცევით - რა უნდა იყოს ამაზე დიდი დანაშაული?!

ეს კაცი ქვეყანას გველეშაპივით მოაჯდა, მძევლად ჰყავს აყვანილი და აშშ-სა და ევროპას ეუბნება, რომ თუ მის ხუშტურებს არ დააკმაყოფილებენ, ქვეყანას რუსეთში წაიყვანს. ეს არის ქვეყნის ბედით და მომავლით შანტაჟი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ “ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს”.