ზაქარია ფალიაშვილის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო საღამოები ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 2011-01-12 13:56:00

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით თებერვალ-მარტში ხსოვნის საღამოები გაიმართება.

ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორმა შალვა დავითაშვილმა აღნიშნა.

მისი თქმით, ზაქარია ფალიაშვილის დაბადების 140 წლისთავისა და მისივე სახელობის მუზეუმის გახსნის 50 წლისთავთან დაკავშირებით თებერვალში საზეიმო საღამო ჩატარდება.

ამასთან, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები გეგმავენ ბარათაშვილის, აკაკის, ილიას, გალაკტიონის სახლ-მუზეუმების თანამშრომლებთან ერთად ამავე პოეტების ლექსების მიხედვით შექმნილი მუსიკალური საღამოს მოწყობას.

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორის თქმით, მათი სურვილია, ამ საღამოებს სოლიდური რაოდენობის მაყურებელი ჰყავდეს. საამისოდ ისინი მერიის მხრიდან დახმარებას ელიან.