ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველოში დაგეგმილი ოქტომბრის არჩევნები პრიორიტეტია - გიგი წერეთელი

საქართველო, თბილისი - 2024-07-01 17:24:00

ბუქარესტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს და მას 56 ქვეყნის პარლამენტის 300- მდე წარმომადგენელი ესწრება.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, მიმდინარე ღონისძიებაში მონაწილეობს, როგორც ორგანიზაციის ექს-პრეზიდენტი.

მისი განცხადებით, მიმდინარე სესიაზე უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის, უკრაინაში რუსეთის აგრესიის თემებთან ერთად, განიხილება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ფორმირების საკითხიც.

"მიუხედავად იმისა, რომ წელს ბევრ ქვეყანაში არის არჩევნები, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიების ჩამონათვალში საქართველოში დაგეგმილი ოქტომბრის არჩევნები პრიორიტეტულია. ამის შესახებ ასამბლეის პრეზიდენტმა, ფინელმა დეპუტატმა, პია კაუმამ განაცხადა და ეს საკითხი ეუთო-ს ზაფხულის სესიაზე აქტიური განხილვის საგანია. ეს კიდევ  უფრო დიდ ინტერესს იწვევს ე.წ. “ გამჭვირვალობის” კანონის მიღების ფონზე, რაც საარჩევნო გარემოს მძიმე პრობლემების წინაშე აყენებს.

ჯგუფმა მოითხოვა  ეუთო-სგან  მასშტაბური სადამკვირვებლო მისიის ფორმირება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, განსაკუთრებული აქცენტით მოსალოდნელ ზეწოლასა და ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზე, არჩევნების დღემდე გაცილებით ადრეულ პერიოდში, რაც ძირს გამოუთხრის კენჭისყრის დემოკრატიულობას"- განაცხადა წერეთელმა. 

ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს