უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად დასავლური იარაღის მუდმივი მიწოდებაა საჭირო - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 2024-06-17 23:53:00

დასავლური იარაღის მუდმივი ნაკადი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. ამის შესახებნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„შესაძლოა, პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა  არის უფრო მეტი იარაღი უკრაინისთვის“, - თქვა სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ვუდრო ვილსონის (Wilson Center) ცენტრში.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხება აღარ უნდა განმეორდეს.

„ამიტომ მე ველი, რომ სამიტზე ჩვენი ლიდერები შეთანხმდებიან, რომ ალიანსმა უხელმძღვანელოს კოორდინაციას და  უკრაინისთვის უსაფრთხოებისა და სასწავლო დახმარების უზრუნველყოფას“, - თქვა მან.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს ალიანსში გასაწევრიანებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმას, რათა, როგორც კი ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება, გაწევრიანება დაუყოვნებლივ შეძლოს.

სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს 20-ზე მეტი ქვეყანა მიაღწევს თავდაცვის ხარჯების მაჩვენებელს, რომელიც მშპ-ს სულ მცირე 2 პროცენტს შეადგენს.

„მხოლოდ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ წელს 20-ზე მეტი მოკავშირე დახარჯავს მშპ-ის სულ მცირე 2%-ს თავდაცვაზე. ეს კარგია ევროპისთვის და კარგია ამერიკისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ დამატებითი თანხის უმეტესი ნაწილი იხარჯება აქ, აშშ-ში,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ევროპის თავდაცვის შესყიდვების ორ მესამედზე მეტი - ანუ 140 მილიარდ დოლარზე მეტი - განხორციელდა ამერიკული კომპანიების მიერ.