წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის მხარდაჭერა ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას ევროპისა და ამერიკისთვის - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 2024-04-21 10:54:00

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას. ამის შესახებ სტოლტენბერგი X-ში წერს.

„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი დიდი პაკეტის მხარდაჭერას.

უკრაინა ნატო-ს მოკავშირეების მიერ მიწოდებულ იარაღს იყენებს რუსული საბრძოლო შესაძლებლობების გასანადგურებლად. ეს ნიშნავს ჩვენთვის უფრო მეტ უსაფრთხოებას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში“, - წერს სტოლტენბერგი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.