F-16-ები წელს უკრაინაში იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 2024-03-01 20:54:00

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ F-16-ის ტიპის გამანადგურებლები 2024 წელს უკრაინაში იქნება.

„დღეს არის ჩვენი ჯარისკაცების სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი - ნიდერლანდებიდან. სხვათა შორის, ნიდერლანდები აქტიურად გვეხმარება საჰაერო თავდაცვაში, F-16-ის კოალიციით. წელს ახალი გამანადგურებლები იქნება ჩვენს ცაში და ეს წელი შედეგიანი უნდა იყოს რუსული მართვადი ავიაბომბებისგან, რუსული თვითმფრინავებისგან, რაკეტებისგან დაცვის თვალსაზრისით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს, 1-ელ მარტს ხარკოვში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ხელი მოაწერეს  უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას.

ზელენსკის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს ნიდერლანდების მიერ 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას 2024 წლისთვის და მომდევნო ათი წლის განმავლობაში.