აშშ აწარმოებს "მარიონეტულ ომს" ღაზას სექტორში - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო, თბილისი - 2023-10-22 19:24:00

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელის საშუალებით ომს აწარმოებს პალესტინელების წინააღმდეგ. მან შეერთებული შტატები შედეგების შესახებ გააფრთხილა თუ ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა გაგრძელდება.

„ის, რასაც დღეს ღაზაში ვხედავთ - ეს არის მარიონეტული ომი, რომელსაც აწარმოებს აშშ-ის წარმომადგენელი, ისრაელის ყალბი რეჟიმი ჩაგრული პალესტინელი ხალხისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აბდოლაჰიანის თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იჩქარა ისრაელში, 18 ოქტომბერს ჩასვლა და მისი მხარდაჭერა მაშინ, როდესაც დაიბომბა საავადმყოფოები, მეჩეთები, ეკლესიები და მშვიდობიანი ხალხი.

„თელ ავივში ჩასვლით აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის გაგზავნის იარაღით დატვირთულ ასობით თვითმფრინავს, გემს, და სატვირთო მანქანას მასობრივი მკვლელობების მხარდასაჭერად, რომელსაც ისრაელი ღაზაში სჩადის“, - თქვა მან.  

აბდოლაჰიანმა გაიმეორა თავისი გაფრთხილება, რომ რეგიონი „კონტროლიდან გამოვა“, თუ აშშ და ისრაელი ღაზაში „გენოციდს არ შეწყვეტენ“.