ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ბათუმში უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრო

საქართველო, თბილისი - 2023-07-09 07:53:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან, შვილთან და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ბათუმში უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრო.

ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთის და ინგლისის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ინგლისის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები.

ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სომხეთის პრემიერ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.