დაუშვებელია მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება სასამართლო ხელისუფლების მიმართ – რატი ბრეგაძე სასამართლოს კლანური მმართველობის შესახებ

საქართველო, თბილისი - 2022-11-08 17:25:00

„რაც შეეხება სიტყვა „კლანს“ და კლანურ მმართველობას, დაუშვებელია მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება სასამართლო ხელისუფლების მიმართ... მსგავსი ტიპის შეურაცხმყოფელი განცხადებები სასამართლოს მიმართ ჩემთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება დაუშვებელი“, − ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა სასამართლოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, სასამართლო რეფორმა წარმატებით გატარდა და კვლავ გრძელდება. ამის მაგალითად მინისტრს სასამართლო სტატისტიკა მოაქვს:

„საქართველოში სასამართლო არის ბევრად უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე იყო ადრე... როდესაც საუბრობთ სასამართლო სისტემაზე, აუცილებლად უნდა ნახოთ გადაწყვეტილებების სტატისტიკა; გამამართლებელი განაჩენების ოდენობა; რამდენად მეტი აქვს ინდივიდს შანსი იმისა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოიპოვოს გამარჯვება. ეს ყველაფერი უნდა ნახოთ და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ. სხვა ყველაფერი არის ტენდენციური საუბარი, დაუსაბუთებელი,  რაც ემსახურება კერძო პირების ინტერესებს“.