რუსეთმა სირიიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები С-300 გაიტანა

საქართველო, თბილისი - 2022-08-30 21:26:00

რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში ხომალდ SPARTA II-დან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (С-300) ჩამოტვირთვა მიმდინარეობს.

ხომალდმა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებად კომპანია Oboronlogistics-ს ეკუთვნის, რუსულ პორტში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები სირიიდან ჩაიტანა.

ხომალდმა სირიის პორტიდან რუსულ პორტამდე მოსახვედრად, თურქეთის თანხმობით, ბოსფორის სრუტე გაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს თურქეთის ელჩი.

თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტოებმა ხომალდიდან საზენიტო-სარაკეტო სისტემების გადმოტვირთვის პროცესი ასახა.

სატელიტური ფოტოებით გახდა ცნობილი ისიც, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები სირიის ჰამის პროვინციის ქალაქ მასიაფის ტერიტორიიდან გაიტანეს.

ეს დანადგარები რუსეთმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს 2018 წელს გადასცა.