უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას უკრაინაში გაჩაღებული ომის "გეოგრაფიული არეალის" შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით.
ამ ფონზე, კულება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გააძლიეროს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქაროს კიევისთვის იარაღის მიწოდება.
"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება, უკრაინის მიწების მიტაცების ოცნებასთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ რუსეთი უარყოფს დიპლომატიას და ორიენტირებულია ომსა და ტერორზე. რუსებს სისხლი უნდათ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გააძლიერონ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება“, - წერს კულება ტვიტერზე.
By confessing dreams to grab more Ukrainian land, Russian Foreign Minister proves that Russia rejects diplomacy and focuses on war and terror. Russians want blood, not talks. I call on all partners to step up sanctions pressure on Russia and speed up arms deliveries to Ukraine.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) July 20, 2022
სერგეი ლავროვი დაიმუქრა, რომ თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას შორი მოქმედების იარაღს მიაწვდიან, მაშინ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული ფარგლები კიდევ უფრო შორს წავა.