დასავლეთის სანქციების გავლენა შეეხო რუსული კომპანიების 86%-ზე მეტს

საქართველო, თბილისი - 2022-05-31 10:35:00

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო რუსული კომპანიების 86.8%-ს. ამის შესახებ ნათქვამია ბიზნესის მდგომარეობის მონიტორინგის შესახებ ანგარიშში, რომელიც მომზადდა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული მეწარმეთა უფლებების დაცვის საკითხებში კომისრის აპარატის მიერ.

როგორც ამ დოკუმენტიდან ირკვევა, საერთაშორისო სანქციებით დაზარალებული კომპანიების 77.4%-მა შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტაცია, თუმცა 11.7%-ს საქმიანობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება მოუწია.

გამოკითხული კომპანიების 67.1% აცხადებს, რომ განიცდის ეკონომიკური ვარდნის ეფექტს.

კვლევისთვის გამოკითხული მეწარმეების მხოლოდ 10.4%-მა განაცხადა, რომ მათი ბიზნესი კვლავ სტაბილური და მზარდია.

ბიზნესში არსებულ პრობლემებს შორის, გამოკითხულთა 62.2% ასახელებს მოთხოვნის შემცირებას, საბრუნავი კაპიტალის დეფიციტს, მიწოდების ჯაჭვის მოშლას და იმპორტის სირთულეებს.

50%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მთავრობა საკმარისს არ აკეთებს, რათა ბიზნესმა სანქციების ქვეშ მუშაობა განაგრძოს, 35% კი ხელისუფლების ქმედებებს "მშვიდად და ეფექტურ" აფასებს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე, რომელიც ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვასა და უმსხვილესი ბანკის "სბერბანკის" SWIFT-დან გათიშვას ითვალისწინებს.