კიევის ოლქში საერთო სამარხში 200-მდე ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2022-04-10 17:22:00

კიევის ოლქის სოფელ ბუზოვაიაში საერთო სამარხი იპოვეს, სადაც ათობით ადგილობრივი მცხოვრების ცხედარი იყო დამარხული.

სოფელ ბუზოვაიადან რუსი ოკუპანტები რამდენიმე დღის წინ გავიდნენ.

როგორც სააგენტო Reuters-ს დმიტროვსკის თემის თავმჯდომარემ ტარას დიდიჩმა განუცხადა, ნაპოვნია ორასი ცხედარი. მისი თქმით, სოფელში უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

მანამდე საერთო სამარხები აღმოაჩინეს ბუჩასა და მაკარივში. ამ უკანასნელში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 130-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ხოლო ბუჩაში აღმოჩენილ სამარხში 280 მშვიდობიანი მოქალაქე იყო დამარხული.

ამ დრომდე ცხედრების იდენტიფიცირებისა და ექსჰუმაციის პროცესი მიმდინარეობს.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს მონაწილეობას ხოცვა-ჟლეტაში და გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალას "ინსცენირებულს" უწოდებს.