გერმანიის პრეზიდენტი პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სამხედრო ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 2022-04-08 14:19:00

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ ომის დანაშაულთა ტრიბუნალის შექმნას ითხოვს. იტყობინება გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი.

"ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულებზე, თავი უნდა იმართლოს" - განუცხადა შტაინმაიერმა Der Spiegel-ს.

"ეს ეხება ჯარისკაცებს. ეს ეხება სამხედრო მეთაურებს. და, რაღა თქმა უნდა, ასევე მათ, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს", - დასძინა მან.

უკრაინა რუსეთს გენოციდსა და ომის დანაშაულებში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთისა და პუტინის მიმართ მცდარი წარმოდგენები და მიდგომები ჰქონდა.