გაერო თავის თანამშრომლებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სიტყვების "ომის/War" ან "შეჭრის/Invasion" გამოყენებას უკრძალავს. იტყობინება გამოცემა The Irish Times-ი.
გაეროს თანამშრომლებს რუსეთის მეზობელ ქვეყანაში შეჭრის აღსაწერად, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია, დაევალათ, გამოიყენონ ტერმინები "კონფლიქტი/Conflict" ან "სამხედრო შეტევა/Military Offensive".
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი რეკომენდაციები ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეროს თანამშრომლებს ორშაბათს, გაეროს კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაუგზავნა.
ამავე დროს, თანამშრომლებს ურჩიეს არ გამოიყენონ უკრაინის დროშა პირად ან ოფიციალურ სოციალური მედიის ანგარიშებსა და ვებსაიტებზე.
"[გამოიყენეთ] "კონფლიქტი" ან "სამხედრო შეტევა" და არა "ომი" ან "შეჭრა" უკრაინაში ვითარების განხილვისას", - ნათქვამია ელექტრონული ფოსტით დაგზავნილ წერილში.
"ეს არის შეხსენება, რომ ჩვენ, როგორც საერთაშორისო საჯარო მოხელეებს, გვაქვს პასუხისმგებლობა ვიყოთ მიუკერძოებლები", - ნათქვამია წერილში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთიც კრძალავს სიტყვების "ომისა" და "შეჭრის" გამოყენებას და უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს".
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.
"ძნელი დასაჯერებელია, რომ გაერო-მ შეიძლება დააწესოს ისეთი ცენზურა, რომელსაც ახლა კრემლი ახორციელებს რუსეთის შიგნით და კრძალავს სიტყვების "ომისა" და "შეჭრის" გამოყენებას. მოვუწოდებ გაეროს, სასწრაფოდ უარყოს ეს ინფორმაცია, თუ ის მცდარია. გაეროს რეპუტაცია, ახლა ამაზეა დამოკიდებული", - წერს დიმიტრი კულება.
It’s hard to believe that the UN could essentially impose the same kind of censorship as the Kremlin imposes inside Russia now by banning the use of words ‘war’ and ‘invasion’ among UN staff. I urge the UN to swiftly refute such reports if they are false. UN reputation at stake.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 8, 2022
განახლება: მოგვიანებით, გაერომ უარყო ეს ინფორმაცია.