რა დაავადებებმა შეიძლება იჩინოს თავი კორონავირუსული ინფექციის შემდგომ? - აღმონდა, რომ „კოვიდ -19“-ის გადატანის შემდეგ პაციენტების გარკვეულ ნაწილს შაქრიანი დიაბეტი უვითარდება. ამერიკელმა მეცნიერებმა თავიანთი კვლევით ნათელი მოჰფინეს აღნიშნულ პრობლემას – აღმოჩნდა, რომ ვირუსს შეუძლია, მთლიანად შეცვალოს უჯრედის ბედი და უჯრედის ფუნქცია. პანკრეასის გარდა, ვირუსმა აღნიშნული ცვლილებები ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფილტვსა და გულში. რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები საქართველოში, რა სტატია გამოქვეყნდა Medscape.com-ზე და აღმოაჩინეს თუ არა პრობლემის გადაწყვეტის საშუალებები - გვესაუბრება კლინიკა „ჯერარსის“ ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ექიმი -თერაპევტი, ამავე კლინიკის Covid -განყოფილების ექიმი და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ექიმი - მაია ლეფსვერიძე.
-„კოვიდ -19“-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში ემხვდა არაერთი პაციენტი, რომლებსაც, კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ (განსაკუთრებით დაავადების მძიმე მიმდინარების შემთხვევაში), ახლად გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დავუსვი.
თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს „კოვიდ-19“-ის მკურნალობისას გამოყენებული გლუკოკორტიკოსტერეოდების შედეგი იყო, ან ინფექციის გადატანამდე არსებული არადიაგნოსტირებული სხვადასხვა ტიპის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის კლინიკური მანიფესტირება ხდებოდა.
მეცნიერულმა კვლევებმა ახლა უკვე ცხადყო, რომ „კოვიდ-19“-ის ვირუსი მნიშვნელოვნად აზიანებს უჯრედს და ცვლის მის ფუნქციას, ღრმა, უარყოფით კვალს ტოვებს გულის, ფილტვის, პანკრეასის უჯრედებზე.
პანკრეასის ბეტა უჯრედების დაზიანებით ბიძგს აძლევს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას.
-ალბათ მარტო თქვენ არ მიხვედით ამ დასკვნამდე...
- რა თქმა უნდა, ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის (EASD) 2021 წლის სხდომაზე ამერიკელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს კვლევა, რომლიც ჩატარდა ღეროვანი უჯრედების კულტივირებით მიღებულ ორგანოიდებზე და დეტალურად აღიწერა „კოვიდ-19“ -ის ვირუსის დამაზიანებელი მექანიზმი უჯრედზე (მათ პანკრეასისა და სხვა ორგანოების უჯრედები შეისწავლეს).
აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით Medscape.com-ზე გამოქვეყნებული სტატია (Diabetes nach Corona-Infektion: Organoid-Forschung zeigt, wie SARS-CoV-2 Pankreas-Zellen manipuliert) გერმანულიდან თარგმნა თამარ თოდუამ - „დიაბეტის განვითარება „კოვიდ - 19“ -ით გამოწვეული დაავადების შემდეგ“ (ორგანოიდების კვლევა აჩვენებს, როგორ მანიპულირებს SARS-COV – 2 პანკრეასის უჯრედებზე).
კვლევაში ნაჩვენებია, რომ „კოვიდ- 19“ -ის გადატანის შემდეგ პაციენტების გარკვეულ ნაწილს უვითარდება შაქრიანი დიაბეტი. ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევით ნათელი მოჰფინეს აღნიშნულ პრობლემას – აღმოჩნდა, რომ ვირუსს შეუძლია, მთლიანად შეცვალოს უჯრედის ბედი და უჯრედის ფუნქცია.
პანკრეასის გარდა, ვირუსმა აღნიშნული ცვლილებები ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფილტვსა და გულში.
ლაბორატორიაში კულტივირებულ უჯრედებზე დაკვირვებით არა მხოლოდ დაამტკიცეს ზემოხსენებული, არამედ აღმოაჩინეს მედიკამენტი, რომელიც უჯრედს იცავს ვირუსით გამოწვეული აღნიშნული დაზიანებისგან.
„ჩვენ დავადგინეთ, რომ ვირუსი აზიანებს ფილტვის, მსხვილი ნაწლავის, გულის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და ასევე დოფამინის ნეირონების უჯრედებს“, - აღნიშნა ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის (EASD) 2021 წლის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას დოქტორმა - შუიბინგ ჩენმა.
SARS – cov- 2-ის პანდემიის დაწყებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ ვირუსს აქვს სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დაზიანების უნარი. მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ „კოვიდ - 19“-ის დროს, გარდა ფილტვისა და სასუნთქი სისტემისა, ზიანდება სხვა ორგანოთა სისტემებიც, მკვლევრებმა Weill Cornell Medicine in New York-დან სასწრაფოდ დაიწყეს მეთოდის შემუშავება, რომლის მიხედვით გამოკვლეული იქნებოდა ადამიანის ორგანიზმში (ვირუსის მასპინძლის) სხვადასხვა ორგანოს სისტემებზე ვირუსის ზემოქმედების მექანიზმი.
შეიქმნა შესწავლის შემდეგი მოდელი: - ღეროვანი უჯრედებიდან ორგანოიდების კულტივირება.
გამოსაკვლევ მასალად გამოიყენეს ღეროვანი უჯრედები. ამ უჯრედებით შექმნეს ლაბორატორიაში კულტივირებულ უჯრედთა კლასტერები, რომლებიც სხვადასხვა ქსოვილის ფუნქციის იმიტირებას ახდენდნენ. მათზე ვირუსის ზემოქმედებით გამოწვეულ ბიოქიმიურ რეაქციას და ქსოვილის დაზიანების მექანიზმს აკვირდებოდნენ, ამავე დროს, ეძებდნენ ნივთიერებას, რომელიც შეასუსტებდა ვირუსის დამაზიანებელ ეფექტს.
აღნიშნული კვლევის მეთოდმა ბიძგი მისცა პანკრეასის ბეტა უჯრედების დაზიანების მექანიზმის შესწავლასაც.
აუტოფსიის გზით გამოვლინდა, რომ დაავადების დროს კუჭქვეშა ჯირკვალი შეიცავდა „კოვიდ-19“-ის ვირუსის ანტიგენს. ვირუსის RNM – ის თანამიმდევრულმა კვლევამ და იმუნოჰისტოქიმიური მეთოდით ქსოვილის შეღებვამ აჩვენა, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებზე მოქმედებს სტრესული ფაქტორი, რომელიც ინდუცირებულია ანთებითი ქემოკინების მიერ. აღნიშნული სტრესის ფონზე ბეტა უჯრედები ასინთეზირებენ მცირე რაოდენობით ინსულინს. სამაგიეროდ, იზრდება ისეთი პროტეინების პროდუქცია, როგორებიცაა ტრიფსინი და გლუკაგონი, რომელთა გამოყოფა ჩვეულებრივ, ჯანმრთელ მდგომარეობაში, პანკრეასის აცინუსების და ლანგენჰანსის კუნძულების ალფა უჯრედებისთვის ტიპურია.
როგორც აღმოჩნდა, ვირუსს აქვს უჯრედის ფუნქციის ფუნდამენტალური შეცვლის უნარი. ამ ცვლილებას „უჯრედული ტრანსდიფერენცირება“ ეწოდა. მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ აღნიშნული ცვლილება – elf – 2 გზით მიმდინარეობს, მისი უკუგანვითარება კი შესაძლებელია გზით - „ტრანს-ინტეგრაციული პასუხის ინჰიბირება სტრესსზე“ (ტრანს – ISRIB).
მეცნიერების რეკომენდაციაა, რომ პანდემიის დროს ზუსტად აღირიცხოს შაქრიანი დიაბეტის ყოველი ახალი შემთხვევა.
ლაბორატორიაში კულტივირებული ორგანოიდების გამოკვლევა ჩატარდა ასევე sars-cov-19 - ის ფონზე, გულის დაზიანების შესწავლის მიზნით, რადგან გულის დაზიანება მნიშვნელოვნად ამძიმებს დაავადების გამოსავალს. აუტოფსიური მასალის კვლევამ აჩვენა, რომ ქსოვილში ჩანერგილმა მაკროფაგებმა მკვეთრი ანთებითი ცვლილება გამოიწვია.
აღნიშნული რეაქცია დეტალურად შეისწავლეს (მოდელირებით) გულის მინიატურულ ქსოვილზე. აღმოჩნდა, რომ ვირუსი სტიმულირებას უკეთებს მაკროფაგებისგან ინტრლეიკინ 6-ს და TNF - ალფას გამონთავისუფლებას. ეს ციტოკინები, თავის მხრივ, იწვევენ ჟანგბადის რადიკალების წარმოქმნას და, საბოლოოდ, კარდიომიოციტების აპოტოზს. აღნიშნული პროცესი ხდება იანუსკინაზაზე, JAK და START - პროტეინზე სიგნალით.
შემდეგ ჩატარდა დაკვირვება მედიკამენტებზე და აღმოჩნდა რომ JAK - ინჰიბიტორი ტოფაციტინიბი ალაგებს ანთებას და მაკროფაგებით გამოწვეულ კარდიოტოქსიურობას ამცირებს. ამ ეტაპზე იგი დაშვებულია, როგორც გადაუდებელი სამკურნალო საშულება „კოვიდ-19“-ის დროს. მიოკარდიუმის დამცავი ეფექტი აღმოაჩნდა ასევე ანტიანგინალურ საშუალებას - რანოლაზინს.
- დაიდო თუ არა მსგავსი გამოკვლევები ფილტვებთან დაკავშირებით?
- მკვლევრების შესწავლის მთავარი თემა „კოვიდ -19“-ით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობა იყო. ფილტვის კულტივირებულ ორგანელებში ნახეს ისეთივე ძლიერი ციტოკინების ინდუქცია, რასაც ვხვდებით პაციენტის ფილტვებში „კოვიდ-19“ -ით დაავადების დროს.
ბოლოს, მთლიანად გადამოწმდა გამოკვლეული მოლეკულების არსენალი (ბიბლიოთეკა), რათა მოძებნილიყო მედიკამეტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ვირუსის შეჭრას ქსოვილში.
აღმოჩნდა, რომ FDA-ს მიერ აღიარებული და დაშვებული მედიკამენტები - ანტიონკოლოგიური - იმატინიბი და იმუნოსუპრესიული მოქმედების - მიკოფენოლის მჟავა სამკურნალო დოზებში ამცირებს SARS-COV-2 ინფექციის მძიმე მიმდინარეობის შანსს.
„კულტივირებული ორგანოიდები კარგი საშულებაა, რათა შეისწავლონ ორგანიზმში ვირუსის შეჭრის მექანიზმი, ორგანიზმის რეაქცია ვირუსზე, დაბოლოს - ვირუსისგან სამკურნალო საშუალების მოსაძებნად“, - წერს დოქტორი შუიბინგ ჩენი.