როგორ ექცევი პატიმარს - ამით იზომება ხელისუფლების სახე - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 2021-11-09 21:01:00

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

ეკა ბესელიას განცხადებით, პატიმრის მიმართ ქცევით ხელისუფლების სახე იზომება.

"როგორ ექცევი პატიმარს - ამით იზომება ხელისუფლების სახე და ესაა ყველაზე სწრაფი ტესტი!", - წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

 


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის პატიმრობის პირველივე დღიდან, მე-40 დღეა შიმშილობს.

8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს თბილისში, გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

როგორც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის მოტყუებით გამოიყვანეს რუსთავის ციხიდან და გლდანის ციხის ტერიტორიაზე მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს.

სახალხო დამცველის განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექიმთა კონსილიუმმა გასცა. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.