ოსკარზე წარსადგენი ქართული ფილმი 12 ოქტომბერს გამოვლინდება

საქართველო, თბილისი - 2021-10-10 17:00:00

ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე;

„პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია;

„მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.

წარდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე.

კომისიის შემადგენლობაში არიან:

მერაბ ნინიძე

ნანა ჯორჯაძე

ნანა ექვთიმიშვილი

დეა კულუმბეგაშვილი

კონსტანტინე ჩლაიძე

გიორგი ოვაშვილი

რატი ონელი

ლევან კიტია

ვლადიმერ კაჭარავა

ალექსანდრე გაბელია

გიგიშა აბაშიძე

ია სუხიტაშვილი

ირაკლი სოლომანაშვილი;

მარიამ ჭაჭია

თამთა გაბრიჩიძე

კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების დახურული ჩვენება შედგება 12 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი დღის ბოლოს გახდება.