Netflix-ი ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს პასუხობს

საქართველო, თბილისი - 2021-09-17 19:53:00

ამერიკული კომპანია Netflix-ი მოკლე კომენტარს აკეთებს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებების საპასუხოდ.

როგორც ბრიტანული გამოცემა LAD Bible იტყობინება, Netflix-ი წარდგენილ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და პირობას დებს, რომ სასამართლოში მტკიცედ დაიცავს თავს.

"Netflix-ი უდიდეს პატივს სცემს ნონა გაფრინდაშვილსა და მის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და მტკიცედ დავიცავთ საქმეს სასამართლოში", - ამბობს კომპანიის პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის სასამართლოს 16 სექტემბერს წარედგინა სარჩელი ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ.

ჭადრაკის დიდოსტატი Netflix-ს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახი 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ინფორმაცია თავდაპირველად New York Times-მა გაავრცელა.

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ინიცირებულ სასამართლო დავაში იურიდიული კომპანია BLB ამერიკელ კოლეგებთან ერთად, იცავს.

დავა შეეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen's Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ჭადრაკის ქართველი დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობას, რომ მას მამაკაცების წინააღმდეგ არასდროს უთამაშია.

კერძოდ, როდესაც ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: "ერთადერთი უჩვეულო რამ მის ჰარმონის შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში... აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან."

The New York Times-თან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნონა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ეს დავა მისი მემკვიდრეობის კიდევ ერთი ნაწილია და ამბობს: "ის, რომ ქალი მოჭადრაკეები მიღებული არიან საჭადრაკო საზოგადოებაში და ისინი ხდებიან დიდოსტატები ჩემი მემკვიდრეობის ნაწილია; ეს არის ბრძოლა, რომელიც მე დავიწყე და ბრძოლა, რომელსაც მე ვაგრძელებ".