ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის ყველა მოქალაქე აიცრება

საქართველო, თბილისი - 2021-03-04 18:51:00

ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი ფიქრობს, რომ ზაფხულის ბოლოსთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველა მოქალაქის აცრას შეძლებენ.

"დარწმუნებული ვარ ევროპის შესაძლებლობებში და ვფიქრობ, ზაფხულის ბოლოსთვის გვექნება ყველნაირი შესაძლებლობა, რომ ვაქცინა ევროპის ყველა მოქალაქეს გაუკეთდეს", - თქვა ბრეტონმა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ვაქცინებთან დაკავშირებული ვითარება საიმედოა. ეს უზარმაზარი გამოწვევაა, მაგრამ მასზე სწრაფი რეაგირება მოვახდინეთ", - განაცხადა მან.

ევროპის მარეგულირებელმა ორგანომ სამი ვაქცინა დაამტკიცა: Pfizer-BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ის. ვარაუდობენ, რომ 11 მარტს ევროპის წამლის სააგენტო (EMA) დასამტკიცებლად რეკომენდაციას გაუწევს კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინას.

ამასთან, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს თავიანთი ვაქცინების დასამტკიცებლად უკვე მიმართეს CureVac-მა და Novavax-მა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტომ რუსული ვაქცინის შემოწმება დაიწყო.