ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში CERN -ის ექსპერტები ეწვევიან

საქართველო, თბილისი - 2010-10-26 13:07:00

28-29 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში CERN -ის ექსპერტები ეწვევიან.

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და მაშტაბური პროექტის - AtLAS - ფარგლებში პირველად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა.

CERN-იდან ჩამოსული 12 ექსპერტი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბირთვულ კვლევებში მომუშავე სპეციალისტებს თეორიულ და 5 პრაქტიკულ სესიას ჩაუტარებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინჟინერიაში.

სამუშაო შეხვედრების ერთ-ერთ მიზანს CERN-ში შექმნილი ახალი ინტერნეტსისტემის _ GRID-ის პრეზენტაცია, მისი შესაძლებლობებისა და მოხმარების წესის გაცნობა წარმოადგენს.

ახალი ინტერნეტსისტემა არსებულზე ათასჯერ უფრო სწრაფი და, შესაბამისად, მეტი მოცულობის იქნება.