მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში - ბრიტანეთი

საქართველო, თბილისი - 2020-11-02 10:15:00

დიდი ბრიტანეთი იზიარებს საერთაშორისო სადამაკვირვებლო მისიების შეფასებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამის შესახებ მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრი ვენდი მორტონი.

"ბრიტანეთი ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.

მოვუწოდებთ მხარეებს მე-2 ტურის სამართლიანად და კანონის დაცვით ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება გლობალურ მისწრაფებებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებას იზიარებენ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირი.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე დათვლილია უბნების 100%.

არჩევნების პროპორციული შედეგები პარტიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ქართული ოცნება – 48.15%

ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14

ევროპული საქართველო – 3.78%

ლელო – 3.15%

სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%

პატრიოტთა ალიანსი – 3.14%

გირჩი – 2.86%

მოქალაქეები – 1.33%

ლეიბორისტული პარტია – 1%

30 მაჟორიტარული ოლქიდან 14-ში "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა გამარჯვება, 16-ში მეორე ტური გაიმართება.

ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.