ეგზიტპოლის მიხედვით, კიევის მერის არჩევნებში ვიტალი კლიჩკო ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 2020-10-26 15:00:00

25 ოქტომბერს უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, რომლის აქტივობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო.

გუშინდელ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 36.88% შეადგინა.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, კიევის მერის არჩევნებში ლიდერობს დედაქალაქის მოქმედი მერი ვიტალი კლიჩკო, რომელსაც ხმა მისცა ამომრჩეველთა 47,8% -მა.

"ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" მერობის კანდიდატმა, ოლექსანდრ პოპოვმა 8.6% მიიღო.

ზელენსკის პარტიის, "ხალხის მსახურის" მერობის კანდიდატმა, ირინა ვერეშჩუკმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 6.3% მიიღო.

გარდა ამისა, გამოკითხვის თანახმად, ვიტალი კლიჩკოს პარტია "უდარ"-ი იმარჯვებს კიევის საკრებულოს არჩევნებში.

ამავე დროს, კლიჩკოს პარტია ვარაუდობს, რომ შესაძლოა კიევში მეორე ტური არ ჩატარდეს. მათი გათვლებით, დედაქალაქის ამჟამინდელმა მერმა დაახლოებით 51% მიიღო და პირველივე ტურში იმარჯვებს.

ფოტო: reuters