ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს ბელარუსს სანქციები დაუწესონ. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა Twitter-ზე დაწერა.
ევროკავშირი შეადგენს იმ პირთა სიას, რომლებსაც ინდივიდუალური შეზღუდვები დაუწესდებათ.
არსებული ინფორმაციით, სანქციები შეეხება მათ, ვისაც რეპრესიებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება.
სიის შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია.
Important discussion of #EU Foreign Ministers on #Belarus, consensus that elections were rigged, EU 🇪🇺 starts working on individual targeted measures against those responsible for violence against peaceful protesters and the election fraud.
— Ivan Korcok (@IvanKorcok) August 14, 2020
ბელარუსში მეხუთე დღეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც არ ეთანხმებიან 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ცესკო-მ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა.
აქციების მონაწილეებს ძალოვანები სასტიკად უსწორდებიან. მომიტინგეთა წინააღმდეგ სამართლადამცველები იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და მანათობელ ყუმბარებს.
დაიღუპა ორი ადამიანი, 200-ზე მეტი პირი დაშავდა. დაკავებულია 7 ათასამდე მოქალაქე.