ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის გამოცდა დროებით შეაჩერა

საქართველო, თბილისი - 2020-05-25 21:19:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის, როგორც Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატის, გამოცდა დროებით შეაჩერა.

ინფორმაცია საჯარო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეისესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გახადა.

ეს გადაწყვეტილება, გავლენიან სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევას უკავშირდება, სადაც ნათქვამია, რომ პაციენტებს შორის, რომელთაც ჰიდროქსიქლოროქინითა და ქლოროქინით მკურნალობდნენ, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა.

ტედროს ადჰანომ ღებრეისესუსის თქმი, ჯანმო-ს აღმასრულებელი გუნდი განიხილავს პრეპარატებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რათა შეფასდეს მისი პოტენციური სარგებელი და ზიანი.

მისივე თქმით, ეს პრეპარატები უსაფრთხოდ რჩება იმ პაციენტებისთვის, ვისაც ავტოიმუნური დაავადებები ან მალარია აქვთ.