ვენეციაში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 23-25 თებერვალს დაგეგმილი ტრადიციული კარნავალი გაუქმდა. ამის შესახებ განაცხადა ვენეტოს რეგიონის ხელმძღვანელმა ლუკა ზაიამ. იტყობინება Deutsche Welle-ი.
მისი თქმით, ვენეტოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის ორი მოხუცი ადამიანი ვენეციის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საერთო ჯამში, იტალიაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 130 ადამიანს გადააჭარბა. მათი უმეტესობა - 89 შემთხვევა - ლომბარდიის რეგიონშია დაფიქსირებული, რომელიც ვენეტოს რეგიონს ესაზღვრება, სადაც ვენეცია მდებარეობს.
იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე მათგანი 70 წელს გადაცილებული იყო.