ჰონგ-კონგის სამედიცინო პერსონალი ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით გაიფიცა

საქართველო, თბილისი - 2020-02-03 11:54:00

ჰონგ-კონგის სამედიცინო დაწესებულებების ასეულობით პერსონალიც, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების გამო ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით გაიფიცა.

რამდენიმე დღის წინ, ჰონგ-კონგმა შეზღუდა სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლა ჩინეთთან, თუმცა მედიკოსები თვლიან, რომ ეს საკმარისი არ არის და საზღვრები მთლიანად უნდა დაიხუროს.

ჰონგ-კონგის მმართველობის განცხადებით, საზღვრების სრული ჩაკეტვა ეწინააღმდეგება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის, ჰონგ-კონგში ვირუსით დაინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვეაა დაფიქსირებული.

ჰონგ-კონგი, სადაც დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ჩინეთის ნაწილია, მაგრამ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ავტონომიას. ჩინეთთან საზღვარი ფუნქციონირებს ისევე, როგორც ჩვეულებრივი საერთაშორისო გამშვები პუნქტი.

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა 17 405-ია, მათ შორის 17 222 ჩინეთის ტერიტორიაზე.

3 თებერვლის მონაცემებით დაღუპუთა რაოდენობამ 361 ადამიანს მიაღწია.

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. ექსპერტებმა წინასწარ დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV გახდა.

დაავადებულებს ახასიათებთ სუნთქვის გაძნელება და დაღლილობის შეგრძნება, მათ ასევე აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ძლიერი ტკივილი.

ვირუსის შემთხვევები ასევე გამოვლინდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიასა და ფინეთში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.