ხვალ, ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 2019-04-29 21:31:00

30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. UNESCO-ს ეგიდით ჯაზის დღის აღნიშვნა მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც უკვე ტრადიციად იქცა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერითა და სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის" ორგანიზებით, 30 აპრილს, 19:30 საათზე,კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჯაზის საერთაშორისო დღე საფრანგეთის  ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ბენდი  „Irakli Louis Ambassadors''-ისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ 6 მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ჯაზ-ბენდის ლიდერი ქართველი ემიგრანტების შთამომავალი ირაკლი დავრიშევი-დავრიშაშვილია, რომელიც სამშობლოში კონცერტს პირველად გამართავს. მისი შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ჯაზის გენიალურ ლეგენდას, ლუი არმსტრონგს.  ირაკლი დავრიშევის კარიერაში უმნიშვნელოვანესი თარიღია1965 წლის 4 ივნისი, როდესაც მან ერთობლივი კონცერტი გამართა ლუი არმსტრონგთან.  მუსიკოსი წლების განმავლობაში იყო ცნობილი კონფერანსიე, რომელიც პუბლიკას აცნობდა არმსტრონგის შემოქმედებას. მუსიკოსს გამოცემული აქვს არაერთი ალბომი.

ჯაზის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველო სწორედ ქართველი ემიგრანტის მიერ შექმნილი ჯაზ-ბედნისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით შეუერთდება; მსემენელს საუალება ექნება, გაეცნოს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი წარმატებული მუსიკოსის შემოქმედებას.