თუ ინტერნეტი გიჭედავს, შეამოწმე - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის პროექტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 2019-03-20 10:09:00

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა. ვისაც უჭირს ფილმების ყურება და გადმოწერა, ონლაინ თამაში და უკმაყოფილოა ინტერნეტის ხარისხით, ეს ვებ-გვერდი სწორედ მათთვისაა- www.sheamotsme.ge. აღნიშნული ვებ-პლატფორმით უკვე დღეიდან ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი, როგორც მომხმარებელს, ასევე კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს 24 საათიან რეჟიმში დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს.

უფრო დეტალურად კი, ინტერნეტის ხარისხის შესამოწმებლად საჭიროა: 

იმისთვის, რომ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე მომხმარებლის მიერ გადახდილი ფასის ადეკვატური იყოს, კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში აქტიური სამუშაოები ჩაატარდა. კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც ინტერნეტ-მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლები განისაზღვრა და მათი შემოწმების მეთოდოლოგიური წესები დადგინდა. ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიებს ახალი ვალდებულებები დაეკისრათ, რომელიც აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებების დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებდა.

შემოწმების საიმედოობისა და სიზუსტის მიზნით, კომისია ამერიკულ კომპანია „Visualware”-თან თანამშრომლობს. ინტერნეტ მომსახურეობის ხარისხი იზომება სწორედ მათი აპარატურით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთდროულად გავზომოთ ფიქსირებული ინტერნეტის 5 პარამეტრი: ჩამოტვირთვის სიჩქარე, ატვირთვის სიჩქარე, დაკარგული პაკეტები, ჯიტერი და დაყოვნება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მომხმარებლების უფლებების დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია და სწორედ ამიტომ, თქვენ დღეიდან www.shemaotsme.ge-ს საშუალებით მუდმივ რეჟიმში შეგეძლებათ შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულების პირობებს არ იცავს გამოაგზავნოთ საჩივარი კომისიაში, რომელიც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს და პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.