2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

საქართველო, თბილისი - 2018-12-28 19:53:00

ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, რადიკალური პოლიტიკური დაპირისპირებები, ახალი პრემიერი, ახალი პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუცია - რით დაგვამახსოვრდება 2018 წელი?

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 10 იანვარს გარდაიცვალა. სპეცრაზმელები მაჩალიკაშვილების ოჯახში გვიან ღამით შეიჭრნენ. თემირლან მაჩალიკაშვილს საკუთარ საძინებელში ესროლეს. სამართალდამცველების მტკიცებით, თემირლანს ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი და მას იმ მომენტში ესროლეს, როდესაც ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. თემირლანის ოჯახი ამ ბრალდებას უარყოფს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ თემირლანს ტერიროსტებთან კავშირი ჰქონდა.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დაბა ახალგორში დააკავეს. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით, ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. დე ფაქტო ხელისუფლების ეს ვერსია დაადასტურა რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 20 მარტს გადასცეს. ქართველი ექსპერტების ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

მინდელის შახტის ტრაგედია

5 აპრილს, მინდელის შახტაში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა.

შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.

.. ციანიდის საქმე სააპელაციო სასამართლოში

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9 წლიანი თავისუფლების აღკვეთის შესახებ. მთავარმა პროკურატურამ დაკავების თავდაპირველ მიზეზად „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ დაასახელა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ დეკანოზის ბრალი სულ სხვა იყო. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, მამალაძე პატრიაქრის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით მკვლელობას გეგმავდა და სწორედ ამ მიზნით ცდილობდა ის მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის შეძენას. დეკანოზ მამალაძის ადვოაკტებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

„რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 21 მარტს მიიღო რეზოლუცია რითაც მთავრობას დაევალა მიიღოს ზომები სიაში შეყვანილ პირთა მიმართ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ, ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად.

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება

საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შესახებ საზოგადოებას 26 აპრილს აცნობა. პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

სიგარეტის მოწევის აკრძალვა

საქართველოს კანონით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს მოწევა აკრძალულია: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. 

რეიდი თბილისის ღამის კლუბებში და აქცია ჩვენი თავისუფლებისთვის

12 მაისს, ღამის პირველ საათზე პოლიციამ ღამის კლუბ „ბასიანსა“ და კაფე 
„გალერიში“ ანტინარკოტიკული რეიდი მოაწყო. რეიდებს იმავე ღამეს აქცია მოჰყვა. კლუბიდან გამოსული ადამიანები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, სადაც სამართალდამცველებმა „წვრილმანი ხულიგნობის“ ბრალდებით აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. დილით, რუსთაველის გამზირი მასშტაბურმა აქცია მოიცვა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ მოუწოდეს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაც იყო. აქცია პირველ დღეს ელექტრონული მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მეორე დღეს, აგრესიულმა ულტრანაციონალისტებმა კონტრაქცია გამართეს. აქცია მეორე დღესვე შეწყდა, როდესაც შს მინისტრი გიორგი გახარია აქციის ორგანიზატორებს შეხვდა და დაპირდა, რომ მათ მოთხოვნებს შეასრულებდა. გახარიამ აქციის მონაწილეებს რეიდისთვის ბოდიში მოუხადა და ულტრანაციონალისტებთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მომიტინგეებს დაშლა სთხოვა, რასაც ისინი დათანხმნენ.

17 მაისი

17 მაისს დაგეგმილი მასშტაბური აქცია "თანასწორობის მოძრაობამ" გააუქმა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რამდენიმე აქტივისტი, ლგბტქი თემის წევრი და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მაინც შეიკრიბნენ. აქციაზე კონტრაქციის მონაწილე შეიჭრა და ერთ-ერთ გამომსვლელს დაარტყა. აღნიშნული აქციის პარალელურად, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი

100 წელი 1918 წლის 26 მაისიდან, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან - ეროვნული დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად და განსაკუთრებულად აღინიშნა. საგანგებოდ ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, სლოვაკეთის, ფინეთისა და სომხეთის პრეზიდენტები. ასევე, ესტონეთის, მოლდოვას, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები.

ხორავას ქუჩის ტრაგედიის განაჩენი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, გ.ბ-ს. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა არასრულწლოვანი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, გ.ჯ-ს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 31 მაისს გამოიტანა, სასჯელი კი 1 ივნისს გამოაცხადა. პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალს სდებდა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, ვინ მოკლა დავით სარალიძე.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას თბილისში მრავალთასიანი აქცია მოჰყვა. ზაზა სარალიძის ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავარი პროკურორის გადადგომას და იმის დადგენას ითხოვდნენ, ვინ მოკლა დავით სარალიძე. აქციას #ნუმომკლავ ეწოდა და ის საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.

მთავარი პროკურორის გადადგომა

31 მაისს, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოება პროკურატურასთან აქცია გამართა. მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.

გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას რეალური მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ პროკურატურამ მტკიცებულებები დამალა და გამოძიება პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის გავლენის ქვეშ მიმდინარეობდა.

მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად წარიმართა და პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია

6 ივნისს საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილება. მას მხარი დაუჭირა 95-მა დეპუტატმა ერთის წინააღმდეგ. კომისიის ხელმძღვანელად 91 ხმით აირჩიეს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი სერგი კაპანაძე.

5 სექტემბერს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 9 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო დასკვნა. მმართველი გუნდიდან წარმოდგენილმა წევრება კომისიის დასკვნას მხარი არ დაუჭირეს.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა

2018 წლის 13 ივნისს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოწყობილი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან. ამ შესახებ კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან გადადგომის მიზეზად ბოლო დროს გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. პრემიერის გადადგომის გამო, საქართველოს მთავრობის წევრები მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ.

ახალი პრემიერი - მამუკა ბახტაძე

2018 წლის 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ. ის პრემიერ-მინისტროაბმდე ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

სექსუალური შევიწროება

ათამდე ქალმა “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” (სიდა) ხელმძღვანელი და ცნობილი უფლებადამცველი ზვიად დევდარიანი სექსუალური შევიწროებაში დაადანაშაულა. ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ხუთ საქმეს სახალხო დამცველი სწავლობდა. აქედან სამ საქმეზე სექსუალური შევიწროება დაადგინა, დანარჩენი ორი კი, ხანდაზმულობის და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა. სექსუალურ შევიწროებას ედავებოდა ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომლი თათია სამხარაძე ამავე ტელევიზიის მაშინდელ პროდიუსერ შალვა რამიშვილს. მან რამიშვილს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში სექსუალურ შევიწროებაზე დავა მოუგო. წელსვე, დაიწყო მუშაობა კანონზე, რითაც სექსუალური შევიწროება დასჯადი ქმედება ხდება.

სმიტების ოჯახის მკვლელობა

6 ივლისს საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ოჯახის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. იმავე დღეს, დუშეთში, ხადას ხეობაში დაკარგულების ავტომანქანა და პირადი ნივთები იპოვეს. რამდენიმე დღეში ოჯახის სამივე წევრის - რაიან და ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის ცხედრები იპოვე. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 19 წლის მწემსი მალხაზ კობაურია, რომელმაც წინასწარი ვერსიით, მკლელობები ლორა სმიტზე სექსუალური ძალადობის მოტივით ჩაიდინა.

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა. საკონსტიტუციო სასამართლომ “გირჩის” სარჩელის საფუძველზე გააუქმა მუხლი, რომლის თანახმადაც მარიხუანის მოხმარება აკრძალული იყო და მისი მოხმარება “ექიმის დანიშნულების გარეშე” ისჯებოდა ადმინისტრაციული სასჯელით. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას”. 

სასამართლოს ამ გადაწვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი კანონის ინიცირება მოახდინა, რომელიც მარიხუანის მოხმარებაზე რეგულაციებს აწესებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა

2 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა. სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნინო გვენეტაძე მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს, რომელიც მისივე თქმით, „საზღვარგარეთ რამდენიმეთვიან მკურნალობას მოითხოვს“. ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასაც დატოვა.

ანგელა მერკელის ვიზიტი

23-24 აგვისტოს საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება. გასული 10 წლის მანძილზე ეს გერმანიის კანცლერის პირველი ვიზიტი იყო. ანგელა მერკელმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. ასევე, შეხვდა სტუდენტებს და ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც პირადად გაეცნო სიტუაციას.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა საქართველო იყო. ფრანკფურტის წიგნის 70-ე ბაზრობა 11 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევოკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ გახსნეს. სიტყვით გამოსვლას ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილი.

„ქეთო და კოტე“

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისისა და ოპერის ბალეტის სცენას ვიქტორ დოლიძის ლეგენდარული ოპერა „ქეთო და კოტე“ დაუბრუნდა. დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე იყო, რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი, მხატვარი – გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი კი - ილიკო სუხიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, სტაჟიორები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

აჯიკა

აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

პირველი ქალი პრეზიდენტი

28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველომ რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 66 წლის სალომე ზურაბიშვილი გახდა. სალომე ზურაბიშვილმა 59.52 %, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძე 40.48% აიღო. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტის შემდეგ საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. სალომე ზურაბიშვილი ბოლო არჩეული პრეზიდენტია.

"ქართული ჭიდაობა"

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლების ნუსხაში შეიყვანა. გადაწყვეტილება 29 ნოემბერს, მავრიკის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სხდომაზე მიიღეს.

ვალების განულება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ბოლოს დაიწყო პრობლემური სესხების განულებისთვის პროგრამა, რისთვისაც ამოქმედდა სპეციალური ვებგვერდი - vali.ge.

ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 593 ათას 648 მსესხებლის, 1,257,616 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,887,477,015 ლარია.

ეკა ბესელიას გადადგომა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. პარლამენტში სიის გადაგზავნის შემდეგ ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი შეაჩერა.