შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, თბილისი - 2015-11-26 10:39:00

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული გიორგი კ. თბილისში, გლდანის დასახლებაში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გიორგი კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 4 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).