პაატა ზაქარეიშვილი ხურვალეთში სასაზღვრო ბანერის დადგმას რუსეთის მიერ განხორციელებულ პროვოკაციად აღიქვამს

საქართველო, თბილისი - 2015-07-18 00:10:00

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ხურვალეთში სასაზღვრო ბანერის დადგმას რუსეთის მიერ განხორციელებულ პროვოკაციად აღიქვამს. ამის შესახებ მინისტრმა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა. ამასთანავე პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების შემოსვლა საქართველოს სიღრმეში ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაიწყო. გარდა ამისა, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოქმედ მთავრობას საქართველოს ტერიტორიის „ერთი მტკაველი მიწა არ დაუკარგავს“.

„მე-7 დღე კი არა, მე-7 წელიწადი გადის ის, რაც ხდება ეს ყველაფერი, და დიდება უფალს, რომ დღეს ხელისუფლებაში არ არის „ნაციონაური მოძრაობა“, თორემ დღეს არ ვიცი თბილისში რა შეიძლება მომხდარიყო... - ის რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც თბილისის [მოსახლეობის] ნაწილი სომხეთის საზღვარზე იყო, ნაწილი - აზერბაიჯანის, ნაწილი კი - თურქეთის. ვისაც სადაც მიესწრებოდა იქ იყვნენ გახიზნულები „ნაციონალები“. ქ-ნი ეკა ზღულაძე გვამშვიდებდა: ნუ გეშინიათ, თბილისელებო, თბილისს არაფერი ემუქრება, რუსულმა ტანკებმა ორჭოსანში გადაუხვიესო. აი სწორედ ის ორჭოსანია, ეკა ზღულაძემ მაშინ რომ რუსებს ჩააბარა. სწორედ იმ ორჭოსანთან დღეს რუსებმა პროვოკაციის მიზნით ცხვირ წინ დაგვიყენეს ბანერი, რომელიც არის იმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოუფარგლა და აჩუქა რუსეთს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, - განაცხადა პაატა ზახარეიშვილმა და დაამატა: ჩვენს ხელისუფლებას ერთი მტკაველი მიწა, ერთი სოფელი, ერთი კაცი  არ დაუკარგავს, ერთი დევნილი არა ჰყავს.“