"ალიანსი საქართველოსთვის" საარჩევნო პრიორიტეტების პრეზენტაციას აღდგომის შემდეგ გამართავს

საქართველო, თბილისი - 2010-03-26 18:03:00

"ალიანსი საქართველოსთვის" საარჩევნო პრიორიტეტების პრეზენტაციას აღდგომის შემდეგ გამართავს. ამის შესახებ "ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით გამყრელიძემ გაზეთ "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქცენტები გაკეთდება დასაქმებაზე, ჯანდაცვასა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.

მისი თქმით, საარჩევნო პროგრამა არ იქნება პოპულისტური, როგორსაც "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატ გია ჭანტურიასთან ხედავენ.

"პროგრამა იქნება არგუმენტირებული და დასაბუთებული. დასაქმებასთან დაკავშირებით გვაქს სერიოზული პროგრამა, აგრეთვე, პროგრამა უფასო მედიკამენტებთან დაკავშირებით", - აღნიშნა გამყრელიძემ.