არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების" წევრები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, დავით მაჭარაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ ავტორიზებულ (ფსიქოტროპულ) აფთიაქებში კვლავ გრძელდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ურეცეპტოდ გაცემა.დავით მაჭარაშვილის განცხადებით საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ნარკოტიკული თრობის გამომწვევი პრეპარატების უკანონოდ გაყიდვის რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით ყველა ეს აფთიაქი კანონის შესაბამისად დაჯარიმდა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აფთიაქების მონიტორინგს სისტემატიურად ანხორციელებს. დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას რიგ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გაცილებით გაადვილებს იმ მედიკამენტებზე კონტროლს, რომელთა დიდი რაოდენობით, არათერაპიული დოზით მიღების საფუძველზე მიიღწევა ნარკოტიკული თრობა.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამინი, კანონი, თავისუფლება" განაგრძობს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში საქმიანობას.